ნიკა გვარამიამ მიხეილ სააკაშვილი მოინახულა: რაც ახლა დავინახე, ამის აღწერა ძალიან რთულია, განახევრებული ადამიანია
04/07/2023 13:38:19 პოლიტიკა
"რაც ახლა დავინახე, ამის აღწერა ძალიან რთულია, იმიტომ, რომ განახევრებული ადამიანია ფიზიკურად", - ამის შესახებ "მთავარი არხის" დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ "ვივა მედიდან" გამოსვლის შემდეგ განაცხადა, სადაც ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.
ნიკა გვარამიას თქმით, გუშინ მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესის კადრებს საერთაშორისო აქტორებთან შეხვედრის დროს უყურა და რეაქციები უცხოელების მხრიდანაც მწვავე იყო:
"გუშინ შეხვედრა მქონდა საერთაშორისო აქტორებთან, არ დავასახელებ, არა მაქვს ამის უფლება, უბრალოდ ჩავრთე, მაინტერესებდა მე თვითონ რომ მენახა მიშა პირველად და ერთად ვნახეთ და წარმოუდგენელი რეაქცია, მე რომ მქონდა ეს გასაგებია, მაგრამ მათაც ჰქონდათ წარმოუდგენელი რეაქცია. ეს ასე ვერ გაგრძელდება. ეს საკითხი არის გადასაწყვეტი. რაც უფრო სწრაფად იფიქრებს, ბიძინა ივანიშვილი ამაზე, უკეთესია, არა მიხეილ სააკაშვილისთვის, არამედ ამ ქვეყნისთვის და მისთვის, პერსონალურად".
ამასთან, გვარამიამ აღნიშნა, რომ უკრაინა-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის ზღვარზეა:
"მინდა, მივმართო არა "ქართულ ოცნებას", არამედ ადამიანებს, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია უკრაინა, როგორც იდეა, მეგობარი, მოკავშირე, მათ შორის, ბიზნესმენებს, არ გამოვა ასე, თუ საქართველო-უკრაინის ურთიერთობა ასე გაგრძელდა, ვერანაირ ბიზნესს ვერ გააკეთებთ დღეს ვინც აკეთებთ უკრაინაში, დიპლომატიური ურთიერთობები შეიძლება, შეწყდეს. ეს მოსალოდნელი არის იმის ფონზე, რაც ხდება. არავის არ შეარჩენს უკრაინა საკუთარი მოქალაქის წინაშე ასე მოპყრობას. მიხეილ სააკაშვილი უნდა წავიდეს უკრაინაში, საქართველოს პოლიტიკასთან დაკავშირებით რას გააკეთებს, არის მისი გადასაწყვეტი. რა განცხადებებიც აკეთა აქამდე, პირადად მე, არ გავაკეთებდი, არ ვიჩქარებდი და ეს მასაც ვუთხარი. რას გააკეთებს მომავალში მომავლის საკითხია".


