Accentnews.ge
არახამია: სააკაშვილის გადარჩენის პროცესში ყველა საერთაშორისო მონაწილე უნდა ჩაერთოს

არახამია: სააკაშვილის გადარჩენის პროცესში ყველა საერთაშორისო მონაწილე უნდა ჩაერთოს

04/07/2023 13:51:20 პოლიტიკა

"მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის პროცესში ყველა საერთაშორისო მონაწილე უნდა ჩაერთოს", – ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ დავით არახამიამ "მთავარი არხის" ეთერში განაცხადა.

არახამიას თქმით, „ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი რუსეთის ხელისუფლებისგან იღებს ბრძანებებს, რომლებიც ეხება სააკაშვილის ჯანმრთელობას.

„ყველამ ვიცით, რომ ივანიშვილს ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს რუსეთის ხელისუფლებასთან და კრემლის პოლიტიკოსებთან და ამიტომ პირდაპირ ბრძანებებს იღებს მათგან. ბრძანება კი ასეთია, რომ არაფერი არ მოიმოქმედოს სააკაშვილის გადასარჩენად. ისინი მოხარული იქნებიან, თუ იგი ციხეში დაიღუპება", - განაცხადა არახამიამ.

მისი შეფასებით, "კადრებია იმის დემონსტრირება, როგორ შეიცვალა ადამიანი მას შემდეგ, რაც ციხეში მოხვდა".

დავით არახამიამ სააკაშვილის გამო უკრაინის ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე გააკეთა აქცენტი:

„გარდა იმ მისიისა, რომელიც მისი [სააკაშვილის] სიცოცხლის გადარჩენას ემსახურება, ჩვენ სხვა არაფერი დაგვრჩენია. ჩვენ ყველა საერთაშორისო მონაწილე უნდა ჩავრთოთ ამ პროცესებში, მსოფლიოს ყველა კუთხიდან, რომლებიც ნათლად აკეთებენ განცხადებას, რომ სააკაშვილის გადასარჩენად ყველაფერი უნდა გაკეთდეს. ვიცით, რომ საქართველოს ხელისუფლება არანაირ რეაქციას არ ახდენს ამ სიგნალებზე, რომლებიც მოდის საერთაშორისო თანამეგობრობიდან და პირიქით, უსმენენ კრემლს. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ არ გააღიზიანონ კრემლი, იმის ნაცვლად, რომ მოუსმინონ საერთაშორისო თანამეგობრობას. ფაქტია, რომ ეს არის საქართველოს და მისი ხალხის სურვილის - შეუერთდნენ ევროპულ ოჯახს - წინააღმდეგ. არ ვიცი სხვა რა რეაქცია უნდა ჰქონოდა ჩვენი მხრიდან უკრაინის ხელისუფლებას. რა დაგვრჩენია გარდა იმისა, რომ ვესაუბროთ საქართველოს ხელისუფლებას და დაველოდოთ, რას მოიმოქმედებენ ისინი".

ცნობისთვის: 3 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საგარეო უწყებას დაავალა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უკრაინაში საქართველოს ელჩი დაიბაროს, გამოუცხადოს მკაცრი პროტესტი და 48 საათში ქვეყნის დატოვება შესთავაზოს.

ზელენსკის, ასევე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას განცხადებები მოჰყვა 3 ივლისს სააკაშვილის დისტანციურ ფორმატში გამოჩენას თბილისის საქალაქოს სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე, რომელზეც "7 ნოემბრის" საქმე განიხილებოდა.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლების პოზიცია სააკაშვილთან დაკავშირებით „შეურაცხმყოფელია“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S