Accentnews.ge
გვარამია – სააკაშვილზე: ევროსასამართლოსთვის მიმართვა იყო დრამატული შეცდომა და საჩუქარი პროპაგანდისთვის

გვარამია – სააკაშვილზე: ევროსასამართლოსთვის მიმართვა იყო დრამატული შეცდომა და საჩუქარი პროპაგანდისთვის

04/07/2023 14:03:08 პოლიტიკა

ტელეკომპანია "მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ევროსასამართლოსთვის მიმართვა "დრამატული შეცდომა და პროპაგანდისთვის საჩუქარი" იყო. ამის შესახებ მან მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა.

"ევროსასამართლოს არ უთქვამს, რომ მიხეილ სააკაშვილი არაა მძიმედ ავად. ევროსასამართლომ თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება იღებს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას, რომ იგი არ მოკვდეს. პროგნოზირებადი იყო, რომ ასეთი იქნებოდა მათი პასუხი. სხვა შემთხვევაში უნდა დამდგარიყო საქართველოს ევროსაბჭოდან გარიცხვის საკითხი. [ალექსეი] ნავალნის პრეცედენტი არ იყო სიმეტრიული პრეცედენტი, მის შემთხვევაში, საკუთრივ რუსეთის ხელისუფლება ამბობდა: ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, მაგრამ არ ვიცით რა სჭირს და კვდებაო. საქართველოს ხელისუფლება ამბობს: ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, ვიცით, რა სჭირს და ის არ მოკვდებაო. ეს არ უნდა გაეკეთებინათ, ეს იყო პროპაგანდისთვის საჩუქარი", - განაცხადა გვარამიამ.

ცნობისთვის: 3 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საგარეო უწყებას დაავალა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უკრაინაში საქართველოს ელჩი დაიბაროს, გამოუცხადოს მკაცრი პროტესტი და 48 საათში ქვეყნის დატოვება შესთავაზოს.

ზელენსკის, ასევე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას განცხადებები მოჰყვა 3 ივლისს სააკაშვილის დისტანციურ ფორმატში გამოჩენას თბილისის საქალაქოს სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე, რომელზეც "7 ნოემბრის" საქმე განიხილებოდა.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლების პოზიცია სააკაშვილთან დაკავშირებით „შეურაცხმყოფელია“.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. 2022 წლის 12 მაისიდან იგი კლინიკა „ვივამედში“ გადის მკურნალობის კურსს. ოჯახის წევრები, ადვოკატები და მისი მხარდამჭერები, ასევე სამედიცინო დარგის სპეციალისტები, მათ შორის უცხოელი ექსპერტები აცხადებენ, რომ სიცოცხლის შესანარჩუნებლად მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გადაყვანილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ.

2023 წლის 12 მაისს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს დროებით ღონისძიებად ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე უარი განუცხადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S