ანა წითლიძე: დღეს გამოჩნდა, როგორი სუსტია „რუსული ოცნება“, როცა ოპოზიცია მობილიზებულია
05/07/2023 08:46:04 პოლიტიკა
დღეს გამოჩნდა, როგორი სუსტია „რუსული ოცნება“, როცა ოპოზიცია მობილიზებულია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დეპუტატმა ანა წითლიძემ განაცხადა.
მისი თქმით, უმრავლესობას სურდა “თავდაცვის კოდექსი“ სწრაფად და განხილვების გარეშე მიეღო.
„არაფერი იმაზე უფრო შეურაცხმყოფელი არ არის ჩვენი სამხედროებისა და ქართული ჯარისთვის, ვიდრე მცდელობა „რუსული ოცნების“, რომ ამ ქვეყნის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი კანონი კონსტიტუციის შემდეგ, „საქართველოს თავდაცვის კოდექსი“ მიეღო სწრაფად, განხილვების გარეშე. „რუსულმა ოცნებამ“ „თავდაცვის კოდექსის“ მუხლობრივი განხილვის ნაცვლად, როგორც ზოგადად ხდება, თავობრივი განხილვა დააანონსა, თუმცა, ოპოზიციამ შევძელით და 2-დღიანი, 10 საათიანი განხილვების შემდეგ, რეალურად დავანახეთ ყველას, რომ „რუსული ოცნების“ მიზანი არ არის არც ძლიერი ქართული ჯარი, არც ჩვენი სამხედროების უფლებების დაცვა, მათი მიზანი იყო, რაც შეიძლება სწრაფად მიეღოთ კოდექსი და წასულიყვნენ შემდეგ დასასვენებლად. გუშინ დაისვა უამრავი შეკითხვა, სადავ მინისტრის მოადგილეს არ ჰქონდა პასუხები“, - განაცხადა წითლიძემ.
კვორუმის არქონის გამო პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ჩაიშალა. რეგისტრაცია მხოლოდ 65- მა დეპუტატმა გაიარა, შესაბამისად, კვორუმი არ შედგა და სხდომა ვერ გაიხსნა. დღევანდელ სხდომაზე „თავდაცვის კოდექსში“ ცვლილებები უნდა განხილულიყო.


