
„უფლებები საქართველო“: საკვანძო მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები დაზიანებულია
05/07/2023 09:40:20 სამართალი
ორგანიზაცია „უფლებები საქართველოში“ ამბობენ, რომ დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგოს საქმეზე საკვანძო მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები დაზიანებულია. ორგანიზაცია ამ საკითხზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს.
ორგანიზაციის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"დიდ დიღომში 2023 წლის 16 მარტს გარდაცვლილი 12 წლის გოგოს საქმეზე, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის დეტალურმა შესწავლამ გამოავლინა, რომ საქმისათვის საკვანძო მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები დაზიანებულია.
სამხარაულის ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ გარდაცვლილის სხეულიდან აღებულ ნივთმტკიცებებს აღენიშნებათ მოშავო-მონაცრისფრო, ობისმაგვარი დანაშრევები და ნადებები, ხოლო მტკიცებულებების ნაწილი მოთავსებულია მთლიანობადარღვეულ პაკეტში. საუბარია იმ კატეგორიის ნივთმტკიცებებზე, რომელთა გამოკვლევითაც შესაძლოა დადგენილიყო გოგონას სხეულზე უცხო ადამიანის დნმ-ის არსებობის ფაქტი ან/და საქმისათვის მნიშვნელოვანი სხვა გარემოება.
2023 წლის 3 ივლისს, „უფლებები საქართველოს“ იურისტმა და დაზარალებულის უფლებამონაცვლემ, წერილობით მიმართეს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს და მოითხოვეს ინფორმაცია, მათ შორის, საკვლევი ნიმუშების აღების მეთოდოლოგიაზე, ნივთმტკიცებულებების შენახვის გარემო პირობებსა და იმ მიზეზებზე, რამაც განაპირობა ნივთმტკიცების შესანახი პაკეტის მთლიანობის დარღვევა.
საქმისათვის საკვანძო მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებებზე მოშავო-მონაცრისფრო, ობისმაგვარი ნადებების არსებობა ეჭვქვეშ აყენებს ამ მტკიცებულებების შესწავლის საფუძველზე მომზადებული დასკვნის სანდოობას. ამასთან, ბუნდოვანია, რამდენად შეძლებენ უცხოელი ექსპერტები განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარებას დაზიანებულ ნივთმტკიცებებზე დაყრდნობით.
„უფლებები საქართველო“ მიიჩნევს, რომ სახეზეა სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები, კერძოდ, ექსპერტის მიერ საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობით, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა განზრახ ან გაუფრთხილებლობით. სწორედ გამოძიების შედეგად უნდა დადგინდეს, რომელი უწყების განზრახ ან გაუფრთხილებელმა ქმედებამ განაპირობა საკვლევი ობიექტების დაზიანება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
- „უფლებები საქართველო“ მოუწოდებს სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, დროულად მოგვაწოდოს მის წინაშე წარდგენილ კითხვებზე ამომწურავი ინფორმაცია;- ორგანიზაცია მოუწოდებს საგამოძიებო უწყებას, დაიწყოს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის [ცრუ ინფორმაცია, ცრუ ჩვენება, ყალბი დასკვნა, საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობა ან არასწორი თარგმანი] საფუძველზე.
ამ საქმეს „უფლებები საქართველო“ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს".