დავით უსუფაშვილი: ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ყველა შესაძლო ზომა, რომ სააკაშვილის პატიმრობა ქვეყნისთვის დაბრკოლება არ იყოს
05/07/2023 10:44:05 პოლიტიკა
საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ყველა შესაძლო ზომა, რომ სააკაშვილის პატიმრობა ქვეყნისთვის დაბრკოლება არ იყოს, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დიპლომატიურმა ურთიერთობებმა ნორმალიზაციამდე უნდა მიგვიყვანოს და თავიდან აგვაცილოს გაუარესება.
„ელჩი უკრაინიდან არ გამოძევებულა. საქმე აქამდე მისული არ არის და იმედია, არ მივა. ეს დიპლომატიის პრაქტიკაში არაორდინალური, ძალიან სერიოზული სვლაა, მაგრამ ელჩი არ არის გამოძევებული და დარწმუნებული ვარ, არც გამოაძევებენ. ზოგადად, დაუშვებელია, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის ასეთი დაძაბული ურთიერთობა იყოს. „ქართული ოცნება“ მოქცეულია რაღაც გაუგებარ ველზე, სადაც ნომერ პირველ პარტნიორს მტრადაა მოკიდებული. რის გამო? იმიტომ, რომ უკრაინელები ამბობენ, გადმოგვეცით ჩვენი მოქალაქე, რომელიც მანდ ციხეში გიზით და ასე შემდეგ. მე ვეთანხმები, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ყველა შესაძლო ზომა, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა ქვეყნისთვის დაბრკოლება არ იყოს. იმ შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში მე ვეთანხმები, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის ინტენსიური დიალოგი გაიმართოს. ეს ელჩების მეშვეობით იქნება, პრემიერების, ტელეფონით, ჩასვლა-ჩამოსვლით – ჩვენი მხრიდან უკრაინის აქ მყოფი საელჩოს წარმომადგენლებისთვის ნოტების გადაცემა და ა.შ, ეს არის დიპლომატიური ურთიერთობები, რომელმაც ნორმალიზაციამდე უნდა მიგვიყვანოს და თავიდან აგვაცილოს გაუარესება“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.


