
"გირჩი" და "ბიბლიური თავისუფლება" ხვალ პარლამენტთან აქციას აანონსებენ: "ჯარში მხოლოდ ის უნდა მიდიოდეს, ვინც ჯარისკაცობაზე ოცნებობს"
05/07/2023 15:53:11 საზოგადოება
ხვალ 19:00 საათზე აქცია საქართველოს პარლამენტთან დაანონსდა. აქციის ორგანიზატორები "გირჩი" და "ბიბლიური თავისუფლება" არიან.
"ჯარში მხოლოდ ის უნდა მიდიოდეს, ვინც ჯარისკაცობაზე ოცნებობს. იძულებით ჯარში გაწვევა - მონობაა. მონობა ამორალურია! ადამიანი არ არის მთავრობის მსახური. ჩვენი მოთხოვნაა - დასრულდეს სავალდებულო გაწვევა! 11 მარტს მიტინგზე 3000 ადამიანი შევიკრიბეთ. ეს მონობის დაკანონების გასაჩერებლად არ აღმოჩნდა საკმარისი. ამჯერად ბევრად მეტნი უნდა ვიყოთ, რადგან ეს შესაძლოა, ბოლო შანსია, არგუმენტით და სიტყვით დავამარცხოთ ბოროტი იდეა და ახალგაზრდა ბიჭების მომავალი დავიცვათ! თუკი არც მრავალრიცხოვანი აქცია იქნება წარმატებული, წინ "ქართულ ოცნებას" თავისუფალი და გაბრაზებული ადამიანების სამოქალაქო დაუმორჩილებლობა ელის, რადგან ჩვენ ვართ მართლები, ჩვენ სწორ მხარეს ვდგავართ და სრული უფლება გვაქვს, ნებისმიერი წინააღმდეგობა გავუწიოთ მონათმფლობელებსა და მონობის დამცველებს", აცხადებენ ორგანიზატორები.
პარლამენტი „თავდაცვის კოდექსის" პროექტს განიხილავს. ინიცირებული ვარიანტის მიხედვით, 2025 წლის 1 იანვრიდან შემდეგი ცვლილებები ამოქმედდება:
- სავალდებულო სამსახურის 12-თვიანი ვადა შემცირდება: საბრძოლო ქვედანაყოფში სამსახურისათვის იქნება 6 თვე; დაცვის ან უზრუნველყოფის ქვედანაყოფში სამსახურისათვის - 8 თვე; ხოლო უმცროს სამეთაურო თანამდებობებზე და წინასწარ განსაზღვრულ სპეციალობებზე სამსახურისათვის - 11 თვე.
- სამხედრო სამსახურის გავლა წვევამდელებს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში შეეძლებათ. დოკუმენტში ნათქვამია, რომ „გაწვევა განხორციელდება სამინისტროს პრიორიტეტების გათვალისწინებით“.
- წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა განხორციელდება ყოველწლიური შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე.
2024 წლის 1 იანვრიდან მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვა და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში თუ სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვევა თავდაცვის სამინისტროს პრეროგატივა ხდება. მანამდე ეს ფუნქციები ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მუნიციპალიტეტებს ჰქონდათ. „თავდაცვის კოდექსის“ პროექტის 78-ე მუხლის ჩანაწერის თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს, რომელიც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას „შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე" დაექვემდებარება, „საკუთარი სურვილით“ შეუძლია გაიაროს ან 6, 8 ან 11-თვიანი სამხედრო სამსახური, ან სამხედრო მომზადების პროგრამა, რომელიც, თავდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, „სწავლასთან თავსებადია“.