
სუს-ი - საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა ასობით უცხოელს, გამოვლინდნენ უცხო ქვეყნის ის მოქალაქეებიც, რომლებიც ქვეყანაში პროვოკაციული ქმედებების განხორციელებას გეგმავდნენ
06/07/2023 07:58:50 სამართალი
ქვეყანაში შემოსვლაზე უარი ეთქვა ცალკეული სახელმწიფოების ასობით მოქალაქეს - ვიზიტორთა ნაკადში ასევე, გამოვლინდნენ უცხო ქვეყნის ის მოქალაქეებიც, რომლებიც ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის ტერიტორიაზე პროვოკაციული ქმედებების განხორციელებას გეგმავდნენ და ღიად გამოხატავდნენ საქართველოს ინტერესების საზიანო განწყობებს, - ამის შესახებ სუს-ის 2022 წლის ანგარიშშია ნათქვამი, რომლის განხილვასაც პარლამენტი ხვალ დაიწყებს.
ამასთან, ანგარიშის თანახმად, სანქციების თავის არიდების შესაძლო ფაქტების გამოვლენის მიზნით, კონტროლზე იყო აყვანილი საქართველოში დროებით მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ ქვეყანაში იურიდიული პირების დაფუძნების ფაქტები.
„სამსახურის ხელთ არსებული და საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების მიერ გაზიარებული ინფორმაციის საფუძველზე, ასევე „ოკუპაციის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო, საანგარიშო წლის განმავლობაში, ქვეყანაში შემოსვლაზე უარი ეთქვა ცალკეული სახელმწიფოების ასობით მოქალაქეს.
ვიზიტორთა ნაკადში ასევე გამოვლინდნენ უცხო ქვეყნის ის მოქალაქეებიც, რომლებიც ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის ტერიტორიაზე პროვოკაციული ქმედებების განხორციელებას გეგმავდნენ და ღიად გამოხატავდნენ საქართველოს ინტერესების საზიანო განწყობებს. მათ მიმართ გატარდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები და გამოყენებულ იქნა სასაზღვრო კონტროლის მექანიზმები.
სანქციების თავის არიდების შესაძლო ფაქტების გამოვლენის მიზნით, კონტროლზე იყო აყვანილი საქართველოში დროებით მცხოვრები ოპერატიულად საყურადღებო უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ ქვეყანაში იურიდიული პირების დაფუძნების ფაქტები. ამასთან, ტარდებოდა შესაბამისი ზომები სანქციებისგან თავის არიდების მიზნით ქართული კომპანიების შესაძლო გამოყენების აღსაკვეთად. საანგარიშო წლის განმავლობაში მსგავსი ტიპის საქმიანობაში ჩართული ორგანიზაციები იდენტიფიცირებული არ ყოფილა.
2022 წელს, ასევე, გამოვლინდა უცხო ქვეყნის რამდენიმე მოქალაქე, რომლებიც ცდილობდნენ ქვეყანაში მყოფი უცხო ქვეყნებისა და საქართველოს მოქალაქეების შესახებ გარკვეული კატეგორიის ინფორმაციის მოპოვებას, ახდენდნენ სხვადასხვა ობიექტის, მათ შორის, სტრატეგიული და სარეჟიმო ობიექტების საეჭვო ფოტო-ვიდეო გადაღებას. სამსახურის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე მათი საქმიანობა შეიზღუდა", - აღნიშნულია ანგარიშში.