
თალაკვაძის თქმით, ის პირად საქმეზე ჩაფრინდა მილანში და მეორე დღეს უკვე სამსახურში იყო
24/11/2019 19:55:29 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ის ოჯახთან ერთად მილანში ჩაფრინდა და მეორე დღეს უკვე სამსახურში იყო. ამის შესახებ მან გადაცემა "კვირის თემაში" ინტერვიუს დროს განაცხადა.
არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მის მოგზაურობასთან დაკავშირებით შექმნილი სიუჟეტით უნდოდათ ეთქვათ, რომ თითქოს პარლამენტის თავმჯდომარე კომოს ტბაზე გაფრინდა, არ აინტერესებს რა ხდება ქვეყანაში და იქ ისვენებს ბიუჯეტის თანხებით.
"რეალურად ამ ცხრა ამბიდან, დარჩა მხოლოდ ის, რომ პარლამენტის თავმჯდომარე პირად საქმეზე ჩაფრინდა მილანში და მეორე დღეს იყო უკვე სამსახურში", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
"მე პირადად ძალიან აღმაშფოთა, როცა ოჯახური გასვლის გამო პოლიტიკური ვაიუშველებელი ატეხეს. მე როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, სამუშაო ადგილას ვიყავი ყოველ დღე და არანაირი პოლიტიკური შატალო აქ არ ყოფილა. მით უმეტეს, ამ კრიტიკას ვერ მივიღებ ისეთი ოპონენტებისგან, რომლებიც წარსულში ბიუჯეტის ხარჯზე სამეგობროებით დადიოდნენ საზღვარგარეთ და ეს ყველას გვახსოვს", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მისი მხრიდან ვიდეომიმართვის გავრცელება საკმარისი არ აღმოჩნდა "ამ ისტერიული ფონისა და კამპანიის გასანეიტრალებლად, მაგრამ ეს იმ მომენტში იყო პასუხი ფეიკნიუსზე: კომოში ვისვენებდი თუ პარლამენტში ვიყავი", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
თალაკვაძის განცხადებით, ის წუხს შექმნილი უხერხულობისთვის და იმის გამო, რომ ამდენი ლაპარაკი მოჰყვა ამ ფაქტს, თუმცა "სინამდვილეში მთელი ეს ფეიკი, რაც ნახა საზოგადოებამ, ააწყვეს იმაზე რომ მილანში ჩავიდა მეუღლესთან და შვილთან ერთად, და მეორე დღეს იყო უკვე სამსახურში. ეს არის მთელი ამბავი, რაც აქედან დარჩა", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
"თუ ვინმეს დღეს ჰგონია, რომ ამ ციფრულ ეპოქაში შესაძლებელია, საჯარო რეისით, ეკონომ კლასით გაფრინდე სხვა ქვეყანაში და ჩამოხვიდე და ეს ვერავინ გაიგოს, მე მგონი ვისაც ამ ვერსიის სჯერა ყველაფერი წესრიგში ვერ აქვს, ვგულისხმობ იმ ადამიანებს ვინც ეს შეთხზა და გაავრცელა", - თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ.
„მთავარმა არხმა“ პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ფოტოები გაავრცელა, რომელიც არხის მტკიცებით, მილანის რეისზეა გადაღებული. ტელეკომპანიის ინფორმაციით, თალაკვაძე დედაქალაქის მერთან ერთად მილანში თბილისიდან გაფრინდა. „ტელეკომპანია „მთავარის“ და „ფორმულას“ ინფორმაციით, იტალიაში საბიუჯეტო სახსრებით წასული კახი კალაძე და არჩილ თალაკვაძე 30-მდე მეგობართან ერთად, ძვირადღირებულ იტალიურ კურორტზე წვეულებას დაესწრნენ. არჩილ თალაკვაძე მეორე დღეს თავისი ოფისიდან ვიდეო ჩაწერა და ამ ინფორმაციას ფეიკნიუსი უწოდა.