
„გირჩს“ ხელისუფლების ჩანაცვლების 2–პუნქტიანი გეგმა აქვს
25/11/2019 04:37:42 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
პოლიტიკურ გაერთიანება „გირჩს“ ხელისუფლების ჩანაცვლების ორპუნქტიანი გეგმა აქვს. ამასთან დაკავშირებით „გირჩმა“ განცხადება გაავრცელა. „გირჩის“ თქმით, სახელმწიფო სისტემის მმართველი ქართული ოცნება, იდგა და დგას ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტზე, „მას გამოუცხადა ოდესღაც ნდობა უმრავლესობამ. ამ ადამიანმა კი თითოეული მოაზროვნე მოქალაქე და უცხოელი მოკავშირე გადააგდო“.
პოლიტიკური გაერთიანების თქმით, ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნის ოთხი მთავარი განმაპირობებელი მიზეზი ან ფაქტორია სახალხო მადლიერება ქველმოქმედებისა და წინამორბედი ავტორიტარული რეჟიმის დამარცხებისთვის; ასევე ივანიშვილის დიდი ფინანსური რესურსი, „გახრწნილი და მორჩილი „მართლმსაჯულების“ სისტემა, რომელიც ციხეში სვამს პოლიტიკურ ოპონენტებს. სუსტი ოპოზიცია და მიხეილ სააკაშვილის და წინა ხელისუფლების შიში ხალხში (ე.წ. ნაცები დაბრუნდებიან და დაიწყება შურისძიება)“, -წერს გირჩი განცხადებაშ.
„გირჩის“ განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს უნდა წაერთვას მისი მთავარი მესიჯი, რომელიც არის: „თუ მე არ დამიჭერთ მხარს, ნაციონალური მოძრაობა მოვა და გაწვალებთ“; ამის წარმთევა კი გირჩის თქმით სწორედ ნაციონალურ მოძრაობაზე და ევროპულ საქართველოზეა დამოკიდებული.
„როგორ შეიძლება დავუპირისპირდეთ 5 მილიარდ დოლარს?
ამ ფულის დამარცხება იმ ქვეყნის არჩევნებში, სადაც მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე არის 4 ათასი დოლარი, ადვილი არ არის.
ეს იცის ბიძინა ივანიშვილმა, ამიტომ არ გაუფრთხილდა საკუთარ მორალურ ავტორიტეტს, რითაც აქამდე არჩევნებს იგებდა (და არა ფულით, რომელიც ფაქტობრივად არც დაურიგებია, თუ მისი მთელი კაპიტალის ოდენობას გავითვალისწინებთ).
ასეთ სიტუაციაში: ან საზოგადოება ისე ბრაზდება, რომ გაბრაზებულები დაერევიან მოსყიდულებს და რევოლუცია ხდება, ან მოსაფიქრებელია გზა, რომლითაც ფულის ის რაოდენობა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს აქვს, არასაკმარისია ხალხის მოსასყიდად.
ჩვენ მეორე გზის მომხრე ვართ, რევოლუციის გარეშე უნდა გავუშვათ ივანიშვილი, რადგან მისი ფული საკმარისი არაა ჩვენს მოსასყიდად, ჩვენ უფრო მდიდრები ვართ.
რატომ ვართ მდიდრები?
როდესაც საქართველოში ბოლშევიკებმა ძალით ჩაიგდეს ხელში ხელისუფლება, მთავარი, რაც მათ გააკეთეს, ადამიანებს წაართვეს საკუთრება და მესაკუთრეები ..განაკულაკეს“ და ქონების მქონენი მტრებად გამოაცხადეს.
დღესაც საქართველოში ადამიანების საკუთრება არის მთელი ქვეყნის ქონების 20-25%, დანარჩენი ,,სახელმწიფო“ საკუთრებაა, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ჩათვლით და ადამიანებს მისით სარგებლობა აკრძალული აქვთ.
ოპოზიციური პარტიები უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ქვეყნის მთელი სიმდიდრე ეკუთვნის ხალხს და არა სახელმწიფო სისტემას, რომელსაც ხან ვინ აზის თავზე და ხან ვინ.
სახელმწიფო ქონება სრულად უნდა დავუბრუნოთ და უცბად უნდა გავამდიდროთ ადამიანები, თან იმდენად, რომ მათი მოსყიდვა შეუძლებელი იყოს მილიარდელი კონკურენტისთვის.
ჩვენი აზრით, ეს არის ყველაზე ანტისაბჭოთა გზა, ყველაზე პუტინისტური გადაწყვეტილების წინააღმდეგ“, - აცხადებს გირჩი.
მათი თქმით, ხელისუფლების ჩანაცვლების ორპუნქტიანი გეგმა მდგომარეობს შემდეგში: ნამდვილი, პრინციპული ოპოზიციის ერთიანობა და საკუთრების რეფორმა.