Accentnews.ge
პაპუაშვილი: ქვეყნებს შორის ურთიერთობა კაპრიზებს არ ეფუძნება, საქართველო პირნათელია უკრაინის წინაშე

პაპუაშვილი: ქვეყნებს შორის ურთიერთობა კაპრიზებს არ ეფუძნება, საქართველო პირნათელია უკრაინის წინაშე

07/07/2023 07:03:04 პოლიტიკა

ქვეყნებს შორის ურთიერთობა კაპრიზებს არ ეფუძნება,– ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა და განმარტა, რომ "კაპრიზია, როდესაც სააკაშვილის მიმართ ასეთი დამოკიდებულებაა - მიუხედავად იმისა, რომ ის დამნაშავეა და მის მიმართ მოპყრობა სათანადოა, მაინც ხდება ყალბი მიზეზით გადაყვანის მოთხოვნა".

მისი მტკიცებით, "საქართველო პირნათელია უკრაინის წინაშე".

პაპუაშვილის თქმით, უკრაინის ხელისუფლებამ „წინააღმდეგობის გზა აირჩია“:

„ჩვენ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ ჩვენი უკრაინელი დების და ძმების წინაშე. ეს არის ის მეგობრობა, რომელსაც საქართველო ყოველთვის აჩვენებდა უკრაინას, განსაკუთრებით ამ მძიმე წუთებში, რომელიც უკრაინას აქვს მას შემდეგ, რაც რუსეთმა დაიწყო აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ. სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლების ნაწილმა სხვა გზა აირჩია - არა მეგობრობის, დაფასების და მეგობრობის ჩვენების გზა, არამედ გზა გარკვეული წინააღმდეგობის - ერთ ადამიანებზე კიდებენ ერების ურთიერთობას თავისი გადმოსახედიდან, ეს სამწუხაროა და უპირველესად უკრაინის ხელისუფლებას არ წაადგება. გადაწყვეტილება, რომელიც მოვისმინეთ, თავად უკრაინისთვისაა დამაზიანებელი. ვინაიდან პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებაშივე კითხვის ნიშნის ქვეშ იყო დაყენებული სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება. უკრაინას რუსეთთან არა მხოლოდ სამხედრო ომი აქვს მოსაგები, არამედ სამართლებრივი, სხვადასხვა საერთაშორისო სასამართლოში. უკრაინის ხელისუფლების მხრიდან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, დააზიანებს თავად უკრაინის ხელისუფლების დამაჯერებლობას. ეს საზიანოა მათთვის. რაც შეეხება ჩვენს დამოკიდებულებას - ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ არ შესუსტდება, როგორც აქამდე ვუჭერდით მხარს, ისე დავუჭერთ. ახალი არ არის დამოკიდებულება, რომელიც უკრაინის ხელისუფლების ნაწილს საქართველოს ხელისუფლების მიმართ ჰქონდა. დღემდე შეფარებული ჰყავთ კრიმინალები ადეიშვილის და ლორთქიფანიძის სახით“.

პაპუაშვილის განცხადებით, ომის დასრულების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებას უკრაინის ხელისუფლებასთან "მკაფიო საუბარი ექნება“:

„უკრაინის ხელისუფლებაა ის, ვინც არასწორად იქცევა. უკრაინის ხელისუფლებაა ის, რომელმაც საქართველოდან გაიწვია ელჩი მაშინ, როდესაც ბელარუსშიც კი ჰყავდა ელჩი დატოვებული. უკრაინის ხელისუფლებაა ის, რომელმაც საქართველოს ელჩი ფაქტობრივად, გამოაძევა უკრაინიდან. ელჩი, რომელიც ერთადერთი იყო, ვინც კიევში დარჩა, არ შეუშინდა რუსულ ბომბებს“.

უკრაინაში საქართველოს ელჩმა გიორგი ზაქარაშვილმა უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, კიევი დატოვა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ 3 ივლისს, უკრაინის საგარეო უწყებას დაავალა, საქართველოს ელჩს დაკავშირებოდა და 48 საათის განმავლობაში კიევის დატოვებისა და მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციებისთვის თბილისში დაბრუნების გადაწყვეტილების შესახებ ეცნობებინა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S