
ექიმების დასკვნით, ასანჟი შესაძლოა, ციხეში გარდაიცვალოს
25/11/2019 05:22:17 სხვა, მსოფლიო
„ვიკილიქსის“ დამფუძნებლის ჯულიან ასანჟის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, - ამის შესახებ „დოიჩე ველეს“ ცნობით, 60-ზე მეტი ექიმის მიერ ხელმოწერილ ღია წერილშია ნათქვამი, რომლითაც მათ დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრს გაუგზავნეს.
„ბატონი ასანჟი საჭიროებს სასწრაფო ექსპერტიზას სამედიცინო ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ მისი მდგომარეობის შეფასება და საჭირო მკურნალობის განხორციელება სასწრაფოდ არ მოხდება, ის შესაძლოა, ციხეში გარდაიცვალოს. დასაკარგი დრო არ არის,“- ნათქვამია ღია წერილში.
48 წლის ჯულიან ასანჟი დიდი ბრიტანეთის ციხეში 50 კვირიან სასჯელს იხდის. მასზე აშშ-ში ძებნაა გამოცხადებული. ჯულიან ასანჟის აშშ-ში ექსტრადირების საკითხზე სასამართლოს სხდომა 2020 წლის თებერვალში გაიმართება. აშშ-ში ასანჟს, რომელიც შპიონაჟშია ბრალდებული, 175-წლიანი პატიმრობა ემუქრება.