
9 წლის ბიჭის ცემის ბრალდებით კაცი დააკავეს
07/07/2023 07:43:14 სამართალი
9 წლის ბიჭზე ძალადობის ბრალდებით 60 წლამდე კაცია დაკავებულია.
გამოძიება ოჯახში ძალადობის, 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო. მიმდინარეობს თვითმხილველთა გამოკითხვა.
ინფორმაცია რუსთავში, 9 წლის ბიჭზე ფიზიკური ძალადობის შესახებ, სოციალურ ქსელში 5 ივლისს თვითმხილველმა გაავრცელა. ის წერდა, რომ 4 ივლისს, ძალადობის შემდეგ, გამოკითხვაზე დედასთან ერთად გადაყვანილ ბავშვს „დააწერინეს, რომ წაიქცა“, რომ არავის უცემია და საქმის წარმოება შეწყდა, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც მომხდარის შესახებ 112–ში 11 წლის ბავშვმა – ასევე თვითმხილველმა დარეკა.
„მესამე სართულის აივანზე ვიყავი, გადავიხედე, ბავშვი ეგდო ძირს, კაცი ედგა თავზე და ურტყამდა წიხლებს“, - ამბობდა თვითმხილველი მედიასთან.
თვითმხილველები ამბობდნენ, რომ ბავშვი დახმარებას ითხოვდა მას შემდეგ, რაც ის იძულებით შეიყვანეს სახლში ოჯახის წევრებმა: "ფანჯრიდან გადმოიხედა და "დარეკეთ პოლიციაშიო".
სოციალურ ქსელში ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ გამოძიება ოჯახში ძალადობის მუხლით დაიწყო.
გამოძიების მიხედვით, 9 წლის ბიჭი მამინაცვლის მამამ საცხოვრებელი კორპუსის ეზოში არაერთი ადამიანის თვალწინ სცემა.