პაპუაშვილი: მეუფე შიოზე პერსონალურ შეტევებს ვხედავდით და როგორც ჩანს, ახლა ვიღაცას უნდოდა საქმეზე გადასულიყო
07/07/2023 08:54:38 პოლიტიკა
მეუფე შიოზე პერსონალურ შეტევებს ვხედავდით და როგორც ჩანს, ახლა ვიღაცას უნდოდა საქმეზე გადასულიყო, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, თუ მეუფე შიოს მოწამვლა დადასტურდა, ეს ძალიან მძიმე ფაქტი იქნება.
„მეუფე შიოს მოწამვლა, თუ დადასტურდა, ეს ძალიან მძიმე ფაქტია. ჯერჯერობით რასაც ვხედავთ, არის ეჭვები და დადასტურებული არ არის. შოკისმომგვრელია, თუკი ასეთი რამ დადასტურდა. ჩვენ ვხედავდით, მათ შორის მეუფე შიოზე პერსონალურ შეტევებს და მისი დისკრედიტაციის მცდელობებს სიტყვით. როგორც ჩანს, ვიღაცას ახლა უნდოდა საქმეზე გადასულიყო. აი, ეს არის ის „ბოლშევიკური“ მეთოდები, რომელიც ისტორიულად ხოლმე საქართველოში გამოყენებული იყო - ჯერ სიტყვით ცდილობდნენ ადამიანის მოკვლას და შემდეგ საქმით ცდილობდნენ ადამიანის მოკვლას. მე იმედი მაქვს, რომ ეს არ დადასტურდება, რომ რაიმე განზრახი ქმედება იყო, მაგრამ მეორე მხრივ, საკმაოდ საეჭვო გარემოებებია, რაც გვესმის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, ვინ ესხმოდა თავს მეუფე შიოს, პაპუაშვილი ამბობს, რომ „საჯაროდ ცნობილი ფაქტია და ყველამ შეიძლება ნახოს, თუ ვინ ებრძვის ქართულ ეკლესიას, პერსონალურად ვის მიაქვს შეტევები, მათ შორის, მეუფე შიოზე".
„არ დავაკონკრეტებ იქიდან გამომდინარე, რომ ეს საჯაროდ ცნობილი ფაქტია და ყველამ შეიძლება ნახოს, თუ ვინ ებრძვის ქართულ ეკლესიას, პერსონალურად ვის მიაქვს შეტევები, მათ შორის, მეუფე შიოზე. ეს ჩვენს ისტორიაში პირველად არ ხდება, ყველამ გადახედოს თავის ისტორიას. ჩვენ ადამიანები სიტყვითაც არ უნდა მოვკლათ“, - დასძინა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის: გუშინ საქართველოს საპატრიარქომ მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლის შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებით პირველ კომენტარი გააკეთა.
როგორც საპატრიარქოს პრეს–სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, დასაბუთების გარეშე მოწამვლის ვერსიის მტკიცების უფლება არ აქვთ, თუმცა გამორიცხულიც არ არის, „რადგან ნივთიერება, რომელიც მეუფე შიოს სისხლში აღმოჩნდა, არის შემთხვევები, როცა მოწამვლისთვის გამოუყენებიათ“.


