ილია დარჩიაშვილი: სააკაშვილთან დაკავშირებით არანაირი კონსულტაციები არ იქნება, უკრაინაში საქართველოს ელჩი მუშაობას თბილისიდან გააგრძელებს
07/07/2023 11:58:30 პოლიტიკა
უკრაინაში საქართველოს ელჩმა გიორგი ზაქარაშვილმა დატოვა უკრაინის ტერიტორია, იგი საგარეო საქმეთა სამინისტროში ელჩის რანგში მუშაობას თბილისიდან გააგრძელებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არანაირი კონსულტაციების გამართვას არ აპირებს ელჩთან.
„უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილების შეფასებისას გამოვიყენებდი რამდენიმე სიტყვას, ეს არის უსამართლო, უსაფუძვლო, არამეგობრული და არადიპლომატიური. არადიპლომატიური იმიტომ, რომ მსგავსი ტიპის პრეცედენტი არ არსებობს პრაქტიკაში, რადგანაც მასპინძელი, მიმღები ქვეყანა იძულებით ატოვებინებს კონსულტაციებისთვის, რათა ის დაბრუნდეს საკუთარ ქვეყანაში. ელჩის გამოძახების პრაქტიკა არსებობს კონსულტაციებზე, მაგრამ ამას აკეთებს ქვეყანა საკუთარი ელჩების მისამართით“, – განაცხადა მინისტრმა.
როგორც მან აღნიშნა, გიორგი ზაქარაშვილს კიევი ყველაზე მძიმე წუთებში არ დაუტოვებია:
„საგარეო საქმეთა სამინისტრო არანაირი კონსულტაციების გამართვას არ აპირებს ელჩთან. ელჩმა დატოვა უკრაინის ტერიტორია, ის სამინისტროში ელჩის რანგში მუშაობას თბილისიდან გააგრძელებს. საქართველოს საელჩო კიევში აგრძელებს მუშაობას, დიპლომატები ადგილზე არიან და ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას.
ვფიქრობ, თუ დაინტერესებულია უკრაინის მთავრობა სააკაშვილის მდგომარეობით, მისი ჯანმრთელობის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია თუ აინტერესებს, ჩვენი ელჩი კი არ უნდა გამოაგზავნონ ჩვენთან კონსულტაციებისთვის, არამედ მათ უნდა დაასრულონ ის პროცედურები, რომელიც დაიწყეს და მოგვმართეს ახალი ელჩის დანიშვნასთან დაკავშირებით. ჩვენ ძალიან მყისიერად მივიღეთ გადაწყვეტილება. ეს კიდევ ერთი ნაბიჯი და დადასტურებაა იმისა, რომ ჩვენ პასუხისმგებლობით ვუდგებით ამ პროცესს. ჩვენი დიდი სურვილია, რომ ეს ორმხრივი ურთიერთობები, სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც არსებობს ორ ქვეყანას შორის, განვითარდეს, გაძლიერდეს და მიიღონ გადაწყვეტილება, ჩამოვიდეს ელჩი საქართველოში“.
მისივე თქმით, ნებისმიერ უკრაინელ დიპლომატს, რომელიც მოღვაწეობს საქართველოში, სამართლებრივად აქვს უფლება, მოინახულოს მათი მოქალაქე, რომელიც ამ ქვეყანაში იხდის სასჯელს.
გიორგი ზაქარაშვილს კიევის დატოვება უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით მოუწია. კერძოდ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 3 ივლისს უკრაინის საგარეო უწყებას დაავალა, საქართველოს ელჩს დაკავშირებოდა და 48 საათის განმავლობაში კიევის დატოვებისა და ექს–პრეზდენტ მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციებისთვის თბილისში დაბრუნების გადაწყვეტილების შესახებ ეცნობებინა.
ელჩმა 5 ივლისს თქვა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრაზე უკრაინულ მხარეს განემარტა, რომ კიევის მიერ დაფიქსირებული შეშფოთება "სინამდვილეს არ შეესაბამებოდა":
"გუშინ დილით მქონდა შეხვედრა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ევგენი პერებიინისთან, რომელმაც ამ შეხვედრისას მაუწყა უკრაინის პოზიცია მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით და შესაბამისად, მთხოვა ქვეყნის დატოვება საქართველოში კონსულტაციების გამართვის მიზნით, შეხვედრიდან 48 საათის განმავლობაში. მე ცხადია, დავეთანხმე, ვინაიდან ეს იყო უკრაინის პრეზიდენტის მოთხოვნა და თხოვნა, თუმცა უკრაინის მხარეს განემარტა ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პოზიცია და ხაზი გაესვა, რომ ის მოთხოვნა და შეშფოთება, რომელიც დაფიქსირებულია უკრაინის ხელისუფლების მიერ, არ შეესაბამება სიმართლეს, რაც დადასტურებულია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით და სხვა მრავალი ფაქტით, რომელიც გავრცელდა არაერთხელ საქართველოს ხელისუფლების მიერ. აღინიშნა, რომ ეს მოვლენა ხელს უშლის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას და შესაბამისად, ქმნის გარკვეულ პრობლემებს კომუნიკაციისთვის, მათ შორის. აღინიშნა ასევე, რომ რუსეთის ინტერვენციის პირველივე დღიდან საქართველო მაქსიმალურ ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას, მათ შორის – ყველა საერთაშორისო მოედანზე. საქართველო გააგრძელებს უკრაინელი ხალხისა და მეგობარი ქვეყნის დახმარებას “.


