
ბათუმში მოზარდის ცხედარი იპოვეს, დაკავებულია სამი პირი
07/07/2023 15:43:17 სამართალი
ბათუმში, შავ ზღვაში 16 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს. საქმესთან დაკავშირებით სამი პირია დაკავებული.
ერთ-ერთს ბრალად არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება, ორს კი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა.
გამოძიების ვერსიით, დადგინდა, რომ პირმა მიმდინარე წლის 4 ივლისს, ბათუმში 16 წლის ლუკა აბულაძე და კიდევ სამი პირი მისი მართვის ქვეშ არსებულ კატერზე გამობმული ე.წ. გასაბერი ბანანით ზღვაში გაიყვანა. მოგვიანებით მან მკვეთრი მანევრით, ე.წ. გასაბერ ბანანზე მჯდომი ოთხივე პირი, მათ შორის ლუკა განზრახ გადაყარა წყალში, ისე რომ მათ სამაშველო ჟილეტების გამოყენების საშუალება არ მისცა, თავად კი კატერზე მყოფ თანხლებ პირებთან, ამჟამად აღნიშნული დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულის სახით დაკავებულებთან ერთად სვლა განაგრძო.
წყალში აღმოჩენის შემდეგ, სამმა ახალგაზრდამ ნაპირზე გამოსვლა შეძლო, ხოლო ლ.ა. - ს სამძებრო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა.
ლუკა აბულაძის ცხედარი საგანგებო სიტუაციების მართის სამსახურის თანამშრობლებმა რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ დღეს ნაპირიდან დაახლოებით 2 კილომეტრის მოშორებით იპოვეს.
უწყება აღნიშნავს, რომ მოზარდის გაუჩინარების თაობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტს განცხადებით, მიმდინარე წლის 5 ივლისს მიმართეს, რის შემდეგაც არასრულწლოვნის სამძებრო სამუშაოებში უწყების შესაბამისი დანაყოფები ჩაერთვნენ.
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს.