სარჯველაძე თეთრი – სახლის მოწოდებაზე: შეხსენება არ გვჭირდება
08/07/2023 10:55:06 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ წევრი, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ სჭირდება იმის შეხსენება, რომ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებაა საჭირო. ასე უპასუხა სარჯველაძემ თეთრი სახლის მოწოდებას, ალიანსის წევრობისთვის საჭირო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეფორმების გატარების აუცილებლობის თაობაზე.
ტელეკომპანია „პირველისთვის“ მიცემულ კომენტარში პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ის, ვინც თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლებას ან საქართველოს დღეს ამის შეხსენება სჭირდება, ცდება:
„საქართველოს ხელისუფლებას აქვს საკმაოდ კარგად გათვითცნობიერებული სწორედ ეს კურსი, რომელიც სწორედ ამ ხელისუფლებამ ასახა კონსტიტუციაში და ეს მოხდება პირველად საქართველოს ისტორიაში. ამ თვალსაზრისით, ექსტრაორდინალურია უკრაინის შემთხვევა და ეს ექსტრაორდინალურობა მხედველობაში მიიღება. საქართველოს აქვს თავისი გზა. ამის დასტურია თუნდაც განხილვის სტადიაში მყოფი „თავდაცვის კოდექსი“, რითიც შევძლებთ კიდევ უფრო დავუახლოვოთ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის სტანდარტები ნატოს სტანდარტებს“.
ნატოს ვილნიუსის სამიტზე საქართველოსთან დაკავშირებულ მოლოდინებსა და იმაზე, თუ რა პოზიცია აქვს პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციას საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მაშინ, როცა უკრაინაში ომი მიმდინარეობს, ხოლო რუსეთი საქართველოს ოკუპაციას აგრძელებს და ქვეყანაში რუსული პროპაგანდა განსაკუთრებით ძლიერდება, თეთრ სახლს შეკითხვა „ამერიკის ხმამ“ დაუსვა.
პასუხად თეთრ სახლში განაცხადეს, რომ საქართველო რჩება ნატოს „ურყევ პარტნიორად“, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, თუმცა დასძენს, რომ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს ალიანსის წევრობისთვის საჭირო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებისკენ.
„შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ნატოსკენ სწრაფვას. შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოსთან მუშაობას ნატოსთან მისი თავსებადობის გასამყარებლად და მტკიცედ მოუწოდებს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს წინ წაწიონ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმები, რომლებიც აუცილებელია ნატოში გაწევრიანებისთვის“, - ნათქვამია თეთრი სახლის მიერ „ამერიკის ხმისთვის“ გაკეთებულ განცხადებაში.


