Accentnews.ge
პაპუაშვილი: პოლიციამ სათანადოდ უზრუნველყო როგორც მონაწილეების, ისე ჟურნალისტის უსაფრთხოება

პაპუაშვილი: პოლიციამ სათანადოდ უზრუნველყო როგორც მონაწილეების, ისე ჟურნალისტის უსაფრთხოება

08/07/2023 12:33:24 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პოლიციამ „სათანადოდ უზრუნველყო უსაფრთხოება“ ლისის ტერიტორიაზე, სადაც დაგეგმილი „პრაიდ ფესტივალი“ ძალადობრივმა ჯგუფებმა ჩაშალეს.

"ვნახეთ, რომ პოლიცია საკმაოდ ჭარბად იყო წარმოდგენილი. პოლიციის ამოცანა, უზრუნველყოს ადამიანების უსაფრთხოება და რამდენადაც ვიცი, არავინ დაზარალებულა, არ დაზიანებულა მათ შორის. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ პოლიციამ ეს ამოცანა შეასრულა. რაც შეეხება თავად იმ ღონისძიების ჩაშლას და იმ ადამიანებს, რომლებიც, მათ შორის პოლიციას უწევდნენ წინააღმდეგობას, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ძალადობა დასაგმობია, პოლიციას შესაბამისი რეაგირება ჰქონდა. არ ვიცი, არის თუ არა ვინმე დაკავებული, მაგრამ რა ინფორმაციაც აქამდე მაქვს, პოლიციამ სათანადოდ უზრუნველყო უსაფრთხოება როგორც მონაწილეების, ასევე ჟურნალისტების მიმართაც თუ იყო გამოხატული აგრესია, როგორც ვიცი, პოლიცია ყველგან ჩაერია და უზრუნველყო ყველა ჟურნალისტის უსაფრთხოება", – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, აგრესიის გამოვლენა პრობლემაა, თუმცა პოლიციის შესაძლებლობებს „თავისი ზღვარი აქვს“:

"ზოგადად, პრობლემაა, როცა ხდება აგრესიის გამოვლენა და ღონისძიებისთვის ხელისშეშლა, მაგრამ პოლიცია თავისი შესაძლებლობის ფარგლებში მოქმედებს. რა თქმა უნდა, ამასაც თავისი ზღვარი აქვს".

პარლამენტის თავმჯდომარემ „ალტ-ინფოს“ ხელმძღვანელობით „პრაიდ ფესტივალის“ ძალადობრივად ჩაშლა და ამ ტერიტორიაზე ინვენტარის დარბევა შეადარა მარტში „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო დემონსტრაციას:

"ჩვენ სხვა შემთხვევაშიც ვხედავდით, რომ როდესაც აგრესიულია ესა თუ ის აქცია, ამას თავისი ლიმიტები აქვს. მათ შორის ვნახეთ, პარლამენტის შენობა იყო დაზიანებული აგრესიული აქციის მიერ".

„თბილისი პრაიდი“ პრაიდკვირეულის მოსამზადებელ პერიოდში აქტიურად თანამშრომლობდა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და აცხადებდა, რომ უწყება მას უსაფრთხოების მყარ გარანტიებს დაჰპირდა. თუმცა 8 ივლისს პრაიდფესტივალის მიმდებარედ მობილიზებული პოლიციისა თუ სპეცრაზმის მიუხედავად, ძალადობრივმა ჯგუფმა „ალტ-ინფოს“ ხელმძღვანელობით შეაღწია ფესტივალის ტერიტორიაზე. პოლიციამ აქტივისტების მცირე ჯგუფი მიკროავტობუსით გამოიყვანა. მოძალადეებმა დახიეს ცისარტყელას დროშა და დაარბიეს ინვენტარი. ფესტივალი ჩაიშალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S