პრეზიდენტი პოლიციას და ხელისუფლებას აკრიტიკებს: „დაირღვა ჩვენი კონსტიტუცია“
08/07/2023 13:29:53 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „პრაიდის ფესტივალის“ ჩაშლის ფაქტს გამოეხმაურა და გააკრიტიკა პოლიცია, რომელმაც, მისი თქმით, "ვერ აღკვეთა ძალადობა" და „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რომელიც "ახალისებს ძალადობას".
"დღეს ჩვენს ქვეყანაში დაირღვა ჩვენი კონსტიტუციით გაცემული პირობა, რომ ყველასათვის დაცული იქნებოდა, ერთის მხრივ, აზრის გამოხატვის უფლება (მე-17 მუხლი) და შეკრების თავისუფლება (21-ე მუხლი). შეკრების უფლების დაცვა სწორედ რომ ღონისძიების ჩატარებას ნიშნავს და არა ადგილის დაცლას. ვითომ და სხვანაირად ვერ იქნებოდა დაცული უსაფრთხოება. ამ ფორმით და ამ მოტივით, შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ, რომ ყველა ღონისძიება, რომლის ფორმა ან შინაარსი არ მოეწონა რომელიმე რადიკალურ ჯგუფს, ალბათ, ჩაიშლება, თუკი სამართალდამცავი ორგანოები ამ ფორმით იმოქმედებენ, როგორც დღეს.
აქ კიდევ უფრო საგანგაშოა ის რეალობა, რომ ეს კონტრაქცია წაქეზებული, აპრობირებული და ღიად მხარდაჭერილი იქნა სოციალურ ქსელებში გავრცელებული პოსტებით, არამხოლოდ მმართველი პარტიის სხვადასხვა განშტოებების წარმომადგენლების მიერ, არამედ პირდაპირ პარტიის მოქმედი დეპუტატებისგანაც“, - განაცხადა პრეზიდენტმა და დამატებით გააკრიტიკა კონკრეტულად პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.
პრეზიდენტის შეფასებით, "სიძულვილის ენის არდაგმობით, მმართველი პარტია ახალისებს ძალადობას".
ზურაბიშვილი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, „რეალურად აღკვეთოს“ ყველანაირი ძალადობრივი ქმედება, რადგან ეს არის მისი მოვალეობა და ამას ჰქვია სამართლის დაცვა.
იგი ასევე, მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“ შეწყვიტოს სიძულვილის ენა და დაპირისპირების წაქეზება, რომელიც მარტივად ხდება იმ მესიჯბოქსებით, რომლებიც არის სრულიად გაკონტროლებული“.
„თბილისი პრაიდი“ "პრაიდის კვირეულის" მოსამზადებელ პერიოდში აქტიურად თანამშრომლობდა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და აცხადებდა, რომ უწყება მას უსაფრთხოების მყარ გარანტიებს დაჰპირდა. თუმცა 8 ივლისს "პრაიდის ფესტივალის" მიმდებარედ მობილიზებული პოლიციისა თუ სპეცრაზმის მიუხედავად, ძალადობრივმა ჯგუფმა „ალტ-ინფოს“ ხელმძღვანელობით შეაღწია ფესტივალის ტერიტორიაზე. პოლიციამ აქტივისტების მცირე ჯგუფი მიკროავტობუსით გამოიყვანა. მოძალადეებმა დახიეს ცისარტყელას დროშა და დაარბიეს ინვენტარი. ფესტივალი ჩაიშალა.


