
ნიკა სიმონიშვილი: "5 ივლისის ორგანიზატორთა დაუსჯელობამ მოგვიყვანა სწორედ დღევანდელ დღემდე"
08/07/2023 13:45:50 ციტატა
"სამართალდამცველებმა სათანადო ღონისძიებები არ გაატარეს ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიას მიმწყდარი ძალადობრივი ტალღის შესაჩერებლად. მათ შეეძლოთ არაერთი ღონისძიების გატარება მომხდარის აღსაკვეთად, მაგრამ სამწუხაროდ, 2023 წლის 8 ივლისს ვხედავთ რამდენიმე წლის წინანდელი 5 ივლისის მოვლენების განვითარებას, თანაც უკვე მერამდენედ! მოგეხსენებათ, მოძალადე ჯგუფებმა დღეს ვაჟა-ფშაველას ძეგლის მიმდებარედ დაიწყეს შეკრება და შემდეგ გადაინაცვლეს ლისის ტბისკენ, ანუ საკმაოდ გრძელი გზა ჰქონდათ გასავლელი. ამ შეკრების იმ პირთა მიერ ორგანიზების ფაქტორის გათვალისწინებით, რომელთა ორგანიზებული იყო 5 ივლისის უკანონო ძალადობრივი მოვლენები და შესაბამისად, დღევანდელი შეკრების ადვილად პროგნოზირებადი ხასიათიდან გამომდინარე, სამართალდამცველებს გზად არაერთხელ შეეძლოთ ამ ადამიანების შეკავება, რაც, სამწუხაროდ, არ მომხდარა. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ეს ორგნიზატორები, დღესაც რომ თავისუფლად გადაადგილდებიან და უკვე მერამდენედ აორგანიზებენ მსგავს ქმედებებს, დიდი ხანია, სახელმწიფოს პასუხისგებაში უნდა ჰყავდეს მიცემული, მაგრამ ორი წლის განმავლობაში ამ კუთხით არაფერი გაკეთებულა! სამართალდამცველებმა საშუალება მისცეს ამ ადამიანებს, "პრაიდის ფესტივალის" ტერიტორია დაეკავებინათ, რათა ღონისძიება, რომელიც, როგორც გვპირდებოდნენ, სათანადოდ იქნებოდა დაცული, არ შემდგარიყო: ცხადია, რომ ასეთ ვითარებაში არც ერთი ჭკუათმყოფელი აღარ მივიდოდა იმ ტერიტორიაზე "პრაიდის ფესტივალში" მონაწილეობის მისაღებად. თუ გავიხსენებთ ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ აქციებს და გავაკეთებთ შედარებას, იქ მმართველი ძალა ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე იყენებდა სპეციალურ საპოლიციო ღონისძიებებს - წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზს, წიწაკის სპრეის და ა.შ., აქ კი, როცა ცალსახად ძალადობრივი განზრახვები იკვეთება და არათუ იკვეთება, წინასწარაც ღიად იყო დაანონსებული ორგანიზატორების მიერ, არ ჩანდა პოლიციის არც სპეცსაშუალებები, არც სათანადო ეკიპირება, არც ძალთა სათანადო მობილიზება - ვითომდა წინააღმდეგობის გასაწევად თითქოსდა კორდონი მოაწყო, რომელიც მარტივად გადასალახი ზღუდეა. აქედან გამომდინარე, შემიძლია, ვთქვა, რომ შსს-ს მხრიდან არ იყო სათანადოდ ორგანიზებული ღონისძიებები ძალადობრივი ჯგუფების მიერ "პრაიდის ფესტივალის" ჩასაშლელად და სწორედ ეს გზა გამოიყენა ხელისუფლებამ იმ მიზნის მისაღწევად, რომ ფესტივალი უბრალოდ არ შემდგარიყო. ხელისუფლებამ, რომელიც ფაქტობრივად თანაორგანიზატორი და თანამონაწილე იყო 5 ივლისის მოვლენების, დღემდე არათუ არ დასაჯა იმ მოვლენების ორგანიზატორები, ხელი დააფარა მათ და დღესაც ძალადობრივი აქციის ორგანიზატორებად იმ ადამიანებს ვხედავთ, ამდენად, გულუბრყვილობა იქნებოდა იმის ფიქრი, რომ დღეს სამართალდამცველები მოძალადე ჯგუფებს უბრალოდ ვერ გაუმკლავდნენ. კი, მმართველი პარტიის ლიდერი ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ ამ მოვლენებს ორგანიზატორები არ ჰყავს, მაგრამ რა გასაკვირია? - საპირისპირო რომ ეთქვა, საკუთარი და თავისი თანაგუნდელების როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის უნდა გაესვა ხაზი. არადა, 5 ივლისის მოვლენების შემდეგ გამოვლენილი კონკრეტული მოძალადეების სასამართლო განჩინებებში შავით თეთრზეა მითითებული, რომ ორგანიზება ნამდვილად იყო და ეს მშვენივრად უწყის „ქართულმა ოცნებამაც“! 5 ივლისის ორგანიზატორთა დაუსჯელობამ მოგვიყვანა სწორედ დღევანდელ დღემდე და აი, მორიგმა ძალადობრივმა აქციამ, რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაში ორგანიზდებოდა და ღიად ანონსდებოდა, საწადელს მიაღწია!
ხელისუფლებას ამ შემთხვევაში ორი მიზანი აქვს: ერთი - ის, რომ "პრაიდის ფესტივამი" ვერ შედგეს, რაც მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის საქართველოში უმცირესობებისა და მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაუცველობის თაობაზე, მეორე კი - საზოგადოების ყურადღების გადატანა რეალური პრობლემებიდან ლგბტ-თემატიკაზე„ რა მიზნითაც ხელისუფლება თავად ქმნის ამ ძალადობრივ გარემოს, ანტი-ლგბტ პროპაგანდას, მსგავს ძალადობრივ შეკრებებს არათუ არ უშლის, არამედ უწყობს ხელს, რათა ხალხის ყურადღება ამაზე გადართოს და დაავიწყოს, რომ ჩვენი ქვეყანა ოკუპირებულია, რომ გვაქვს უმნიშვნელოვანესი სოციალური პრობლემები და უამრავი სხვა. შედეგად ქვეყანა უკან-უკან მიდის, ტრიალებს ძალადობის წრეზე. ხელისუფლების მიზანი ძალაუფლების შენარჩუნებაა. ამ მიზნით ხელისუფლება არ დგამს ევროკომისიის 12 რეკომენდაციით გათვალისწინებულ იმ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოში ინსტიტუციების გაძლიერებას და მმართველი ძალის ძალაუფლების შემცირებას შეუწყობდა ხელს, ამავდროულად სისტემურად იყენებს რამდენიმე პროპაგანდისტულ ნარატივს (ანტი-ლგბტ პროპაგანდა; ეკლესიის ვითომდა დაცვა; დასავლეთის, კრიტიკული მედიის, არასამთავრობო სექტორის დემონიზება), ამ გზით ქმნის ცრუ რეალობას და ამ ცრუ რეალობაზე ცდილობს მოსახლეობის ყურადღების გადართვას, რადგან თუ წინასაარჩევნოდ უმძიმეს სოციალურ პრობლემებზე და ქვეყნისთვის ამ ისტორიულ მომენტში 12 რეკომენდაციის შეუსრულებლობაზე მოუწევს დისკუტირება, ის აუცილებლად წააგებს და ეს კარგად იცის. ამას აკეთებს ხელისუფლება დღეს, ამასვე აკეთებდა 5 ივლისსაც და დღემდე სწორედ დაუსჯელობამ მოგვიყვანა, მათ შორის - ხელისუფლების წარმომადგენლების დაუსჯელობამაც“, –ასე ეხმიანება იურისტი ნიკა სიმონიშვილი ძალადობრივი ჯგუფების მიერ "პრაიდის ფესტივალის" ჩაშლის ფაქტს.