
აშშ-ის საელჩო: "მოვუწოდებთ ხელისუფლებას, პასუხისგებაში მისცეს ყველა, ვინც კანონი დაარღვია და ნათლად აჩვენოს, რომ ძალადობა მიუღებელი"
08/07/2023 17:33:32 პოლიტიკა, სამართალი
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, პასუხისგებაში მისცეს ყველა, ვინც კანონი დაარღვია და ნათლად აჩვენოს, რომ ძალადობა მიუღებელია, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის ძირითადი უფლებები.
„დღეს „თბილისი პრაიდი“ იძულებული გახდა, გაეუქმებინა დაგეგმილი დახურული ღონისძიება, რადგან უმართავმა ხალხის მასამ, რომელიც ძალადობით იმუქრებოდა, დამსწრეებს მშვიდობიანი შეკრების შესახებ კონსტიტუციით დაცული უფლება წაართვა. საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის ძირითადი უფლებები. ძალადობა, დაშინება ან მუქარა განსხვავებული შეხედულებების გასაჩუმებლად არის არადემოკრატიული და ეწინააღმდეგება საქართველოს ტოლერანტობის, თანაგრძნობისა და პლურალიზმის ისტორიას. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, პასუხისგებაში მისცეს ყველა, ვინც კანონი დაარღვია და ნათლად აჩვენოს, რომ ძალადობა მიუღებელია“, – აღნიშნილია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
8 ივლისს თბილისში, „ლისი ვანდერლენდში“ დაგეგმილი "პრაიდის კვირეულის" დასკვნითი ღონისძიება ჰომოფობიურად განწყობილმა ანტილგბტ აქციის წევრებმა ჩაშალეს. ასობით ადამიანი ვაჟა-ფშაველას ტერიტორიიდან ლისის ტბისკენ დაიძრა. მათ გაარღვიეს პოლიციის კორდონები, შეიჭრნენ ფესტივალის ტერიტორიაზე და იქაურობა დალეწეს. პოლიციას მათ შესაკავებლად სპეციალური საშუალებები არ გამოიყენებია. სამართალდამცველებმა მხოლოდ ფესტივალის მონაწილეებისა და ორგანიზატორების ადგილიდან ევაკუაცია შეძლეს.
„თბილისი პრაიდი“ აცხადებს, რომ „პრაიდის კვირეულის“ ფარგლებში 8 ივლისს დაგეგმილი ფესტივალის ჩაშლა "პოლიციასა და ძალადობრივ ჯგუფებს შორის წინასწარ კოორდინირებული იყო'.
შსს-მ "პრაიდის ფესტივალის" ჩაშლა ახსნა იმით, რომ გაშლილ ტერიტორიაზე "ძალიან ბევრი ხალხი მივიდა".