
მორიგი ნაბიჯი უკან: საქართველო უსაფრთხოებაზე უარს ამბობს?
10/07/2023 14:49:29 ანალიზი
საქართველო უკრაინას, ევროინტეგრაციის გზის მსგავსად, ნატო–ს მიმართულებითაც მნიშვნელოვნად ჩამორჩა. გეოპოლიტიკურ კონტექსტთან ერთად კიევის პროაქტიურმა დიპლომატიამ შედეგი გამოიღო და როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ გვაუწყა, ბლოკის წევრებმა მიაღწიეს კონსენსუსს, MAP-ს, რომლის მიღება ალიანსში გაწევრიანებისთვის სავალდებულო ეტაპია, უკრაინის მიერ გასავლელი გზიდან "ამოიღებენ". როგორც მოსალოდნელია, გადაწყვეტილება შესაბამის დოკუმენტებში 11-12 ივლისს, ვილნიუსის სამიტზე აისახება, რომელზეც საქართველო მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე იქნება წარმოდგენილი.
„მაქვს განცდა, რომ ცალკე პროცესი ჩამოყალიბდა“,– ამბობს „აქცენტთან“ თემის კომენტირებისას მმართველი გუნდის ყოფილი წევრი, ექს-დეპუტატი, საგარეო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი, ამერიკულ-ქართული ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდის საბჭოს წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი.
უკრაინელებს ესმით, რომ მიმდინარე ომის პირობებში ბლოკში ქვეყნის მიღების საკითხზე წევრებს შორის კონსენსუსის მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელია და სურთ, ომის დასრულების დღისთვის წინასწარ, უკვე დღეს მიიღონ 100%–იანი გარანტიები, რათა რუსეთს სამომავლოდ ახალი აგრესიის განხორციელების ყოველგვარი სურვილიცა და შესაძლებლობაც ერთხელ და სამუდამოდ გაუქრეს.
და რას აკეთებს ამ ფონზე საქართველო? 10 ივლისს, ვილნიუსის სამიტამდე ერთი დღით ადრე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების თემას ვრცელი წერილი მიუძღვნა, რომელშიც აშკარად იკითხება ამ კუთხით საქართველოს ფაქტობრივ რეგრესზე პასუხისმგებლობის სხვებზე დაკისრების მცდელობა, - ზუსტად ისეთივე, როგორსაც მმართველი გუნდი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შეუსრულებლობის გასამართლებლად მიმართავს. ორივე შემთხვევაში "ქართული ოცნება" ჯიუტად ცდილობს ალტერნატიული რეალობის შექმნას, მაგრამ საკმარისია, გადავხედოთ, რეალურად რა გააკეთა მმართველმა გუნდმა იმისათვის, რომ უკრაინის მიერ შექმნილ პრეცედენტებზე პასიური დამკვირვებლის მდგომარეობიდან ამ პრეცედენტების საქართველოს ინტერესებში გამოყენების ეტაპზე გადასულიყო - და "ოცნების" წარმომადგენლების განცხადებების სიყალბე თვალისმომჭრელად ნათელი ხდება.
„საქართველომ არ გამოიყენა ის უნიკალური შესაძლებლობა, რომელიც არსებობს: ნატო–ში შედგა შეთანხმება, რომ MAP-ი უკრაინასთან მიმართებით აღარ იქნება სავალდებულო ინსტრუმენტი. მათ გამოიყენეს შვედეთის და ფინეთის მაგალითი და ამას უკრაინაზე გაავრცელებენ. არადა, ბოლო დრომდე თუკი ვინმე იდგა რიგში პირველი, ეს იყო საქართველო! და დღეს, როდესაც ეს შესაძლებლობა რეალურად გაჩნდა, საქართველოს ხელისუფლებამ აბსოლუტურად არაფერი გააკეთა ამ პროცესში სრულფასოვანი პარტნიორობისთვის“,– ამბობს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი.
ვმონაწილეობთ სამიტებში, შეხვედრებში, ტარდება წვრთნებიც, მაგრამ საკმარისია კი? „არა“ – პასუხობს კითხვას დიმიტრი ცქიტიშვილი და საკუთარი პოზიციის გასამყარებლად რამდენიმე არგუმენტი მოჰყავს:
- „ჩვენ გვქონდა მომენტი (ვფიქრობ, ჯერ კიდევ არის), როცა ფინეთისა და შვედეთის პარალელურად, შეგვეძლო გაწევრიანების საკითხის გააქტიურება. თუ უკრაინის მთავარი პრობლემა მიმდინარე ომია (ამ პირობებში გაწევრიანება ვერ მოხდება, რადგან ნატო-ს წესდების მე-5 მუხლის საფუძველზე ეს ავტომატურად მესამე მსოფლიო ომში გადაზრდის ტოლფასი იქნებოდა), ჩვენს შემთხვევაში ასეთი ბარიერი არ არსებობს. მაგრამ ჩვენ მადრიდის სამიტი არ გამოვიყენეთ, თურქეთის ფაქტორი არ გამოგვიყენებია, ხოლო თუ საკითხის ფორსირებას არ ახდენ, რჩები დამკვირვებლის როლში;
- რუსეთის ფაქტორი, როგორც ალიანსის გაფართოების ერთგვარი არაფორმალური ვეტო, ჩამოიშალა – გერმანიამ და საფრანგეთმა შეცვალეს საკუთარი ნეგატიური დამოკიდებულება, რომელიც შემდგომი ნაბიჯების გადადგმის საშუალებას არ იძლეოდა. აქ საქართველოს საკუთარი დღის წესრიგი უნდა გაეაქტიურებინა, მაგრამ ჩვენ მხოლოდ ვპასიურობთ, თანაც ძალიან;
- სამხედრო თავსებადობის კუთხით შესაძლოა, ვინმეზე წინ ვიყოთ კიდეც, მაგრამ აქ უმნიშვნელოვანესია საკითხის პოლიტიკური მდგენელი - როგორც საგარეო, ისე საშინაო:
- როდესაც საქართველო გაურკვეველ საგარეო პოლიტიკას აწარმოებს, აგდებული ტონით პოზიციონირებს პარტნიორებთან, ეს, ბუნებრივია, ეჭვებს აჩენს ამ პარტნიორობის მდგრადობასთან მიმართებით. ეს ძალზე ართულებს მოცემულობას, რადგან ალიანსის წევრობა ნიშნავს, რომ ერთი ქვეყნის გამო ორგანიზაცია საჭიროების შემთხვევაში მძიმე ომში შევიდეს და თუ ამა თუ იმ ქვეყნის მიმართ ნდობა დაბალია, თუ არსებობს თუნდაც მცირე ეჭვი, რომ ამ ქვეყნის ხელისუფლება შესაძლოა, სტრატეგიულ პარტნიორებს არასასიამოვნო გამოწვევებს უმზადებდეს, ეს, ცხადია, ქვეყნის ალიანსში მიღებისთვის სერიოზული შემაფერხებელი ფაქტორია; რიტორიკა, რომელსაც შესაძლოა, საშინაო მიზნებისთვის იყენებდნენ, მაგრამ რომელშიც რთავენ საგარეო აქტორებსაც, პრობლემას წარმოადგენს. ამის მაგალითია ნარატივი „ომის დაწყებას გვაძალებენ“: როდესაც დასავლელი პარტნიორები გეუბნებიან, „მსგავსს არაფერს გაძალეთო", შენ კი ჯიუტად იმეორებ, "გვაძალებენო", ამით კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებ პარტნიორობას და თავად ქმნი საფუძველს, დაფიქრდნენ, უღირთ თუ არა ალიანსში ისეთი ქვეყნის მიღება, რომლის მთავრობა არ იციან, რას იზამს? პროგნოზირებადობა აუცილებელი ფაქტორია. საქართველო ახალგაზრდა დემოკრატიაა და მისი ხელისუფლების პოზიციებში მსგავსი რყევები შეუძლებელია, დამაფიქრებელი არ იყოს;
- ასევე მნიშვნელოვანია ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოვლენები. ის, რაც მაგალითად, ორი დღის წინ მოხდა [პრაიდის დასკვნითი ღონისძიების ჩაშლა], წარმოადგენდა ქვეყნის კონსტიტუციის, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევას: სულ ორიოდე თვის წინ მრავალათასიანი მიტინგი ისე დაარბიეს, ვითომც არაფერი და ახლა 200–300 მოძალადე კაცთან გამკლავებას ნამდვილად შეძლებდნენ, რომ სნდომებოდათ, მაგრამ ვნახეთ, რომ სახელმწიფომ, პოლიციამ კონსტიტუციური ნორმები არ დაიცვეს და ეს, ბუნებრივია, პრობლემაა, მათ შორის - ნატო-სთვისაც ჩვენთან მიმართებაში გადაწყვეტილებების მიღებისას“.
"საგარეო და საშინაო პოლიტიკა ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული და სამწუხაროდ, დღეს არც ერთი მიმართულებით არ გვაქვს სანიმუშო პოზიცია. ის, რომ დღეს არაფერს გვაძლევენ, ცალსახად სხვისი ბრალი ნამდვილად არაა, გადაბრალება კი საკუთარი პასუხისმგებლობისგან გაქცევას ნიშნავს, ისევე, როგორც ევროკომისიის 12 პუნქტის ბოლომდე არშესრულების შემთხვევაში. "ომი არ დავიწყეთ და ამიტომ არ გვაძლევენ იმას, ამასო...“ - ეს ძალიან არასწორი, სპეკულაციური რიტორიკაა, რომელიც აზიანებს თანამშრომლობას სტრატეგიულ პარტნიორებთან“,– აჯამებს ცქიტიშვილი.
მმართველი გუნდის ყოფილი წევრი, რომელსაც პარტნიორებთან მოლაპარაკებების გამოცდილება აქვს, ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ნატო–სთან მიმართებით სტატუს–კვოს შენარჩუნებას ცდილობს, თუმცა ამაზე ღიად ვერ საუბრობს. მისთვის სწორედ ამაზე მეტყველებს ის გარემოება, რომ ალიანსის სამიტზე თბილისი მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე იქნება წარმოდგენილი:
„დიახ, საგარეო საქმეთა მინისტრი დაბალი რანგი არ არის, მაგრამ როცა გაწევრიანება გინდა, პრემიერიც უნდა ჩავიდეს, პრეზიდენტიც... უნდა იყო ზეაქტიური, აშანტაჟო კიდეც, თუ საჭიროა - "უნდა მიმიღო, სხვა გზა არ არისო!“, – დაახლოებით ისე, როგორც უკრაინა აკეთებს. ხოლო თუ ხელისუფლება ნატო–ს მიმართულებით პროცესის გაყინვას ცდილობს და ამავდროულად არ აქტიურობს შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოსთვის გარანტიების გასაძლიერებლად იმ უმნიშვნელოვანეს დროს, როცა რეგიონული უსაფრთხოება ახალ კონფიგურაციას იღებს, ასეთი ხელისუფლება ქვეყანას გრძელვადიან პერსპექტივაში წირავს ვასალობისთვის და ომისთვისაც, რადგან რუსეთის უსაფრთხოების სისტემა არ არსებობს (რაც სომხეთის მაგალითმაც აჩვენა). შიშია ეს "ოცნების", თუ საგარეო პოლიტიკის კონცეპტუალური ცვლილება - ყველამ თავისი დასკვნა გააკეთოს“,– დასძენს ცქიტიშვილი.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021