
თავისუფლების მოედანზე ინციდენტი მოხდა
25/11/2019 14:58:46 სხვა, პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, საზოგადოება
თავისუფლების მოედანზე ინციდენტი მოხდა. როგორც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია აცხადებს, სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით დააკავეს მანქანა, რომელშიც დემონსტრანტებისთვის განკუთვნილი ნივთები იყო. კერძოდ, კასრები და ა.შ. რაც ღამით გასათბობად არის საჭირო. მოგეხსენებათ, ოპოზიციას დაანონსებული აქვს, რომ დღეს ისევ ცდიან პარლამენტის შესასვლელების პიკეტირებას და დემონსტრანტები ღამეს პარლამენტთან გაათენებენ.
„მანქანა კასრებით გაიტაცეს. პოლიცია აქციეს ყაჩაღებად. გადმოსვეს მძღოლი და მოიტაცეს მანქანა. ჭიდაობენ იმისთვის, რომ ხალხი არ გათბეს“,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ, რომელსაც ინციდენტის გამო სამართალდამცველებთან შელაპარაკება მოუვიდა. ის მანქანის და ნივთების დაბრუნებას ითხოვდა.
სამოქალაქო აქტივისტის ანა ჭარხალაშვილის თქმით, მათ პოლიცია მთელი დღის განმავლობაში უთვალთვალებს.
„ორგანიზაორებს, მათ მანქანებს, ჩვენს თითოეულ ნივთს დასდევენ და იტაცებენ - გაიტაცეს შეშა და სხვა საჭირო ნივთები. ფაქტობრივად, ჩვენი ფინანსები გაიტაცეს. ამ ყველაფერს აზრი არ აქვს, შეშას მაინც მივიტანთ“,- განაცხადა ჭარხალაშვილმა.
ცნობისთვის: ოპოზიცია პარლამენტის შენობასთან იკრიბება დევიზით „ერთადერთის წინააღმდეგ!“. იგეგმება პარლამენტის შესასვლელებს პიკეტირება და ღამის ადგილზე გათევა.