
ლაზარე გრიგორიადისი: თუ არ გვაძლევენ არჩევანს, ავიღებთ არადანს!
11/07/2023 13:52:57 სამართალი
"თუ არ გვაძლევენ არჩევანს, ავიღებთ არადანს", - ამ შინაარსის წარწერა ჰქონდა გაკეთებული ფურცელზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს, რომლითაც იგი დღევანდელ სასამართლო პროცესზე იყო მისული.
დღევანდელ პროცესზე დაიკითხა პროკურატურის მოწმე ექსპერტი ალექსანდრე დადიანიძე. ექსპერტმა სასამართლოს უთხრა, რომ სხვადასხვა ტექნიკური საშუალებებით ჩატარებული კომპლექსური ექსპერტიზით ნავთობპროდუქტების კვალი მხოლოდ გრიგორიადისის ქურთუკზე იპოვა. ფეხსაცმელზე, ჰუდსა და ქუდზე ასეთი ნივთიერებების ნაკვალევი არ აღმოჩნდა.
ლაზარე გრიგორიადისმა ექსპერტს ჰკითხა, ქურთუკის კონკრეტულად რომელი ნაწილზე იქნა აღმოჩენილი ნავთობპროდუქტის კვალი, რაზეც ექსპერტმა თქვა, რომ კვალი იმდენად მცირე იყო, კონკრეტული არეალის დასახელება შეუძლებელია.
ალექსანდრე დადიანიძის თქმით, ექსპერტიზის ფარგლებში ნიმუშები აიღეს ქურთუკის მთლიანი შიდა და გარე ზედაპირიდან, ასევე ჯიბეებიდან და მისი ნაწილების ცალ-ცალკე შესწავლა არ მომხდარა. ექსპერტის განცხადებით, სამოსს არ აღენიშნებოდა ლაქა, რათა ცალკე რომელიმე ნაწილის შესწავლა მომხდარიყო:
„შიდა და გარე ზედაპირი, მათ შორის, ჯიბეებიც, ეს ყველაფერი გაერთიანებული იყო ერთ ნიმუშად იმიტომ, რომ როდესაც ასეთ მცირე კვალს იკვლევ, მისი აღმოჩენა შეუძლებელია კონკრეტულად მარტო მანჟეტი რომ გამოვიკვლიოთ. ამასთან, ნავთობპროდუქტებს ახასიათებს აორთქლება და გავრცელება. როდესაც ის მოთავსებულია პაკეტში, ის ორთქლდება, ცირკულირებს, კონდენსირება და სხვადასხვა ადგილას შეიძლება იყოს მოდებული. თუ ლაქა არ აღენიშნება, კონკრეტულ ნაწილს არ ვიკვლევთ. პირველად ხდება ულტრაიისფერი განათების ქვეშ დათვალიერება და ლაქა თუ გამოვლინდება მაშინ კი, ბატონო“ - განაცხადა ალექსანდრე დადიანიძემ.
ლაზარე გრიგორიადისის მომდევნო სასამართლო პროცესი 22 ივლისს, 14:00 საათზე გაიმართება.
ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ ე.წ. აგენტების შესახებ კანონის მიღების საწინააღმდეგო აქციებისას პოლიციელზე თავდასხმისა და სხვისი ქონების განადგურების ბრალდებით 29 მარტს დააკავა. ლაზარეს ბრალად ედება სამართალდამცველებისთვის „მოლოტოვის კოქტეილის" სროლა (საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმასა და მისი ჯანმრთელობის ხელყოფას და სხვისი ნივთის დაზიანებას).
გრიგორიადისის დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ ამ საქმეში არ არსებობს არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებულის ბრალეულობას დაასაბუთებს. ადვოკატს როგორც საქალაქო, ისე სააპელაციო სასამართლოებმა უარი უთხრეს ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის ჩატარებაზე.
27 ივნისს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების გადახედვისას, ძალაში დატოვა წინასწარი პატიმრობა და უარი თქვა გირაოს სანაცვლოდ გრიგორიადისის გათავისუფლებაზე.