რუმინეთის ელჩი: მოკავშირეთა ლიდერები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ ჩვენს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი
11/07/2023 15:04:40 პოლიტიკა
საქართველოში რუმინეთის ელჩმა რაზვან როტუნდუმ "აქცენტთან" საუბრისას იმ მოლოდინებზე ისაუბრა, რომელიც, მისი ვარაუდით, ვინლიუსში მიმდინარე NATO-ს სამიტზე საქართველოსთან მიმართებაში არსებობს.
"მოკავშირეთა ლიდერები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ ჩვენს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ასევე იმას, რომ საქართველოს აქვს უფლება, თავად განსაზღვროს ქვეყნის მომავალი და საგარეო პოლიტიკა, რომელიც თავისუფალი იქნება გარე ჩარევისგან. საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს NATO–ს მისიებში, რაც აჩვენებს მის ერთგულებას ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართ. NATO მიესალმება "NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის" განხორციელებაში მიღწეულ პროგრესს", – განუცხადა დიპლომატმა "აქცენტს"
საქართველოში რუმინეთის საელჩო NATO-ს საკონტაქტო საელჩოს (Contact Point Embassy – CPE) ფუნქციას ასრულებს.
ცნობისთვის: ვილნიუსში ალიანსის სამიტი იმართება. სამიტზე საქართველო საგარეო საქმეთა მინისტრის რანგშია წარმოდგენილი.


