"ხალხის ძალა" საპარლამენტო დელეგაციების შემდგენლობაში იქნება: "დამატებითი შეტევა დასავლურ ღირებულებებზე"
12/07/2023 08:48:45 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" გადაწყვეტილების თანახმად, საპარლამენტო დელეგაციების შემდგენლობაში ოფიციალურად იქნება "ხალხის ძალა", რომელიც უმრავლესობის შემადგენლობაშია და ანტიდასავლური გზავნილებით გამოირჩევა. იმ ფონზე, როდესაც საპარლამენტო დელეგაციებში ჩასმაზე "ოცნება" ოპოზიციის დიდ ნაწილს უარს ეუბნება, "ხალხის ძალის " წევრებს კვოტა ყველა დელეგაციაში, მათ შორის "ევრონესტის", ევროპარლამენტის, NATO–ს დელეგაციებში ექნებათ.
"ხალხის ძალის" წევრი გურამ მაჭარაშვილი ამტკიცებს, რომ "გადაწყვეტილება მიღებული იმიტომ იქნა, რომ მოძრაობა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს".
მისი თქმით, "საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა საზღვარგარეთ საქართველოს ადვოკატირებას ეწევა, ხოლო ოპოზიცია ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედებს".
"შევხედოთ, საპარლამენტო დელეგაციებში ჯერ ერთი, ვინ დადის და მერე, ვინ აკეთებს საქმეს. საპარლამენტო დელეგაციები რომ ჩადის უმრავლესობიდან ჩვენ ვნახეთ, რომ ისინი საქართველოს ადვოკატირებას ეწევიან და ოპოზიცია ჩადის და სხვა ქვეყნის ადვოკატირებას ეწევა საქართველოს საწინააღმდეგოდ. ამით, რომ ჩვენ საპარლამენტო უმრავლესობაში კვოტები ერთიანად განვსაზღვრეთ, პირიქით, ოპოზიციას ეს ყველაფერი დავუთმეთ ანუ ჩვენ ცალკე კვოტა არ გვაქვს და საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით ვსარგებლობთ", - ამბობს მაჭარაშვილი.
ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ამას ერთადერთი მიზანი აქვს. მისი თქმით, "საერთაშორისო შეხვედრების დროს ხელისუფლებამ ანტიდასავლური კამპანიის გაძლიერების გადაწყვეტილება მიიღო".
"იმ ფონზე, როცა „ხალხის ძალა“ გამოირჩევა ანტიდასავლური გზავნილებით და უპირისპირდება ქვეყნის საგარეო ვექტორს თავისი რიტორიკით, „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ „ხალხის ძალასთან“ ერთად ყველა საპარლამენტო ასამბლეაში და დელეგაციაში იყოს ჩართული. როგორც ჩანს, მათ, უბრალოდ, ექსკურსიები მოსწონთ ევროპაში და არა თავად ევროპა და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ არანაირი სხვაობა „ხალხის ძალასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის არ არის. ეს იქნება, უბრალოდ, დამატებითი შეტევა დასავლურ ღირებულებებზე და დასავლეთზე უკვე იმ ფორმატებში, სადაც საქართველო არის ჯერ კიდევ წარმოდგენილი", - ამბობს ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია.
"ლელოს" წევრი დეპუტატი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ, "რამდენიც არ უნდა ეცადოს "ოცნება", რომ ოპოზიციას შეზღუდვები შეუქმნას, უკვე ყველასთვის ცხადია, რომ ქვეყანას კორუმპირებული რუსული რეჟიმი მართავს".
"საკუთარ წევრებს გაუფორმეს დელეგაციებში ადგილი. ამით ისინი რეალურად ცდილობენ, რომ შეზღუდონ გავლენა საპარლამენტო ოპოზიციის საერთაშორისო ასპარეზზე. „ქართული ოცნება“ რამდენიც არ უნდა ეცადოს, რომ შექმნას შეზღუდვები ოპოზიციისთვის საერთაშორისო ასპარეზზე და ა.შ., ეს არ ცვლის იმას, რომ დრეს არავის ეპარება ეჭვი,რ ომ საქართველოს მართავს კორუმპირებული ოლიგარქრიული რეჟიმი, რომელიც რუსეთს გულშემატკივრობს რუსეთ-უკრაინის ომში", - ამბობს სამადაშვილი.


