
კრამონი – „ქართულ ოცნებაზე“: იქნება ზეწოლის, დაშინების მცდელობა , მათი ყველა „ტრიუკი“ ვიცით
12/07/2023 16:54:03 ევროპა, პოლიტიკა
ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა სტრასბურგში, „მთავარი არხის“ დამფუძნებელ ნიკა გვარამიასთან ერთად გამართულ შემაჯამებელ
პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აპირებს, გააგრძელოს ბრძოლა იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი.
ევროპარლამენტარმა საქართველოში გამართულ დემონსტრაციებზე გაამახვილა ყურადღება, რომელმაც მისი დაკვირვებით, აჩვენა, რომ ახალგაზრდა თაობა ევროპული ტიპისაა, რომელიც ყველაფერს გააკეთებს საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად:
„ჩვენ საქართველოს მეგობრები ვართ და გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას იმისთვის, რომ პოლარიზაცია დაიძლიოს. ჩვენ ნამდვილად გვსურს, რომ რეკომენდაციები, რომელიც ევროკავშირმა გასცა, შესრულდეს.
ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს ახალგაზრდა თაობა ამბიციური, ევროპული ტიპის თაობაა. მათ ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს თაობა მოიტანს ცვლილებას.ვაპირებ, გავაგრძელო საქართველოსთვის ბრძოლა და ბრძოლას იმისთვის,რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. ასევე, იმისთვის, რომ გადაწყდეს მიხეილ სააკაშვილის საკითხი. ბოლო დემონსტრაციებმა საქართველოში გვანახეს, რომ ახალგაზრდა თაობა ძალიან ევროპული და მონდომებულია. მათ არ უნდათ საბჭოთა კავშირში და რუსეთში დაბრუნება. ისინი დემოკრატიული საქართველოს მომხრეები არიან. მათ სჭირდებათ დახმარება, მაგრამ ვფიქრობ, მათ ხელშია საქართველოს მომავალი“, - განაცხადა კრამონმა.
ამასთან, ევროპარლამენტარმა ისაუბრა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და არ დაუმალავს, რომ „ტრიუკებს“ ელის:
„ევროკავშირი და საერთაშორისო საზოგადოება ეწინააღმდეგება იმას, რომ საქართველოში ურთიერთობების ესკალაცია მოხდეს, რაც მოხდა გასული არჩევნების დროს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოსახლეობაზე ზეწოლის და დაშნების მცდელობა იქნება. ჩვენ ვიცით ყველაფერი, რაც შეიძლება გაკეთდეს, ვიცით მათი ყველა „ტრიუკი“ იმისთვის, რომ თავის სასარგებლოდ მოირგონ არჩევნების შედეგები“, - განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა. თარგმანი „მთავარ არხს“ ეკუთვნის.