
ბრიუსელში ფაშინიანისა და ალიევის შეხვედრა დააჩქარეს
13/07/2023 07:39:10 კავკასია
შაბათს, 15 ივლისს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს და აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდება,– ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
"მე დავადასტურე ჩემი მონაწილეობა ამ შეხვედრაში. იმედი მაქვს, ამ შეხვედრის ფარგლებში პროგრესს მივაღწევ სამშვიდობო ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკებებში", - განაცხადა პრემიერმა.
1 ივნისს კიშინიოვში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ შარლ მიშელმა განაცხადა, რომ შემდეგი სამმხრივი შეხვედრა მას, სომხეთის პრემიერ-მინისტრსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს შორის 21 ივლისს ბრიუსელში გაიმართება. თუმცა 12 ივლისს სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა განაცხადა, რომ 21 ივლისს დაგეგმილი შეხვედრა შესაძლოა, უფრო ადრეც შედგეს.
მანამდე, ივნისის ბოლოს სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრა აშშ–ში გამართეს.
სახელმწიფო დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანმა და სომხეთმა მნიშვნელოვანი პროგრესი მიაღწიეს რიგ საკითხებში,– ამის შესახებ ბრიფინგზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მეთიუ მილერმა განაცხადა და დასძინა, რომ ამერიკული მხარე მოუთმენლად ელის აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მომავალ შეხვედრას:
„მათ მიაღწიეს მნიშვნელოვან პროგრესს რიგ საკითხებში. ბოლო შეხვედრაზე მათ გადაუჭრელი საკითხები შეზღუდეს. ამდენად, ჩვენ გვჯერა, რომ გადასაწყვეტი საკითხების რაოდენობის შემცირებით შეთანხმება ხელმისაწვდომია“.