Accentnews.ge
რას ამბობენ ოკუპირებული ცხინვალისა და სოხუმის წარმომადგენლები ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 58-ე რაუნდზე

რას ამბობენ ოკუპირებული ცხინვალისა და სოხუმის წარმომადგენლები ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 58-ე რაუნდზე

13/07/2023 11:12:37 პოლიტიკა

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 58-ე რაუნდს ოკუპირებული ცხინვალისა და სოხუმის წარმომადგენლები ეხმიანებიან.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, "ქართულმა მხარემ უარი განაცხადა ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებაზე".

"შეხვედრაზე ჰუმანიტარული საკითხები დავაყენეთ, მათ შორის, აფხაზეთის მხარემ მორიგ ჯერზე წამოჭრა აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების პრობლემა“, – აცხადებს დე ფაქტო უწყება.

დღეს არსებული მდგომარეობით, ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებლებს საზღვარგარეთ გადაადგილება რუსეთის მოქალაქის პასპორტით შეუძლიათ. საქართველო მათ ასევე სთავაზობს საქართველოს მოქალაქის პასპორტს.

ამასთან, აფხაზური მხარის განცხადებით, "ქართული მხარისგან უპასუხოდ დარჩა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში (IPRM) შეხვედრების განახლების აუცილებლობის საკითხი".

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, "შეხვედრის ატმოსფეროზე უარყოფითად აისახა საქართველოში განგრძობადი ანტირუსული კამპანია, რომელსაც თან სდევს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმართ აგრესიული რიტორიკა. თუმცა ქართველი მონაწილეების მცდელობა ჟენევის პლატფორმაზე გადმოეტანათ თბილისის ქუჩებში არსებული მიტინგების განწყობა, წარუმატებლად დასრულდა".

"აუცილებელია ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება, რაც სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რესპუბლიკების უსაფრთხოების გარანტი იქნებოდა. საქართველოს წარმომადგენლების მიერ დაფიქსირებული დესტრუქციული პოზიცია არ იძლევა პროგრესს ამ საკვანძო საკითხის გადაწყვეტაში, რომელიც სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება საქართველოს სამხედრო პოტენციალის მუდმივი ზრდის ფონზე“, - ნათქვამია დე ფაქტო საგარეო უწყების განცხადებაში.

მანამდე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის დელეგაციამ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 58-ე რაუნდი დროზე ადრე დატოვა და ვერ შედგა დისკუსია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი საქართველოს მოქალაქეების შინ უპირობო დაბრუნების საკითხზე.

უწყების ცნობით, მოლაპარაკებების ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ ძირითადი აქცენტი გააკეთა რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების სრულად შესრულების აუცილებლობაზე, ასევე მწვავე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ პრობლემებზე.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს ხელმძღვანელობით, დისკუსიაში მონაწილეობენ აშშ-ის, საქართველოს, რუსეთის და მის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონისა წარმომადგენლები.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის 58-ე რაუნდი 11-12 ივლისს გაიმართა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S