
"8 დღის განმავლობაში მეორეჯერ მოუწია ხელისუფლებას აქციის დარბევა, კიდევ ბევრჯერ მოუწევს"
26/11/2019 05:37:44 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნიკა მელიას განცხადებით, პარლამენტთან აქციის დაშლა ხელისუფლებას კიდევ ბევრჯერ მოუწევს.
“ეს არის რეჟიმის დასასრული, როცა ყინვაში ადამიანები საკადრის პასუხს გცემენ ქუჩიდან. 8 დღის განმავლობაში მეორეჯერ მოუწია ხელისუფლებას აქციის დარბევა. კიდევ ბევრჯერ მოუწევს, სანამ ივანიშვილი არ დანებდება ხალხის ნებას და ხალხის ნებაა სამართლიანი არჩევნები, რომელიც თავისუფალ არჩევანს ნიშნავს, მიიღოს ხალხმა. ის მიტაცებული პირობა უკან დააბრუნოს. მე მაქვს ინფორმაცია, რომ დღეს ერთ–ერთ ტელევიზიაზე ინტერვიუთი უნდა მოგვმართოს [ივანიშვილმა] საინტერესოა რას იტყვის", – განაცხადა მელიამ.
ცნობისთვის: ძალოვანებმა პარლამენტთან მშვიდობიანი საპროტესტო აქციის სპეციალური დანიშნულების რაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშლა დილის 05:00 საათზე დაიწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პარლამენტთან მიმდინარე აქციის დაშლის დროს სამი ადამიანი დაშავდა. მისივე ცნობით, დაშავებულ პირებს სამედიცინო დაწესებულებებში შესაბამისი დახმარება გაეწიათ. გარდა ამისა, აქციაზე დააკავეს 28 ადამიანი. უწყებაში აცხადებენ, რომ მათ სამართალდამცავის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმანი ხულიგნობას ედავებიან, რაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა.
აქციის მონაწილეები პარლამენტის შესასვლელების პიკეტირებას გეგმავდნენ, რათა დეპუტატები დღეს დაგეგმილ პლენარულ სხდომაზე არ შეეშვათ. ახლა ყველა შესასვლელი სპეცრაზმს აქვს დაკავებული.
დემონსტრანტები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან. მათი მოთხოვნა უცვლელია - ბიძინა ივანიშვილმა შეასრულოს 24 ივნისს გაცემული დაპირება და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდეს. ისინი ხელისუფლებას გერმანულ მოდელს სთავაზობენ.
აქტივისტებმა და ოპოზიციამ პარლამენტის პიკეტირება ერთი კვირის წინაც მოაწყვეს - 17 ნოემბრის ღამით მათ ბოქლომები დაადეს პარლამენტს, 18 ნოემბერს ხელისუფლებამ პიკეტი სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა და 37 ადამიანი დააკავა. მათ დიდ ნაწილს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.