Accentnews.ge
ირაკლი კობახიძე – კელი დეგნანის განცხადებაზე: "ელჩის საქმე არ არის შეკვეთების მიცემა ვინმეს დაჭერასთან დაკავშირებით"

ირაკლი კობახიძე – კელი დეგნანის განცხადებაზე: "ელჩის საქმე არ არის შეკვეთების მიცემა ვინმეს დაჭერასთან დაკავშირებით"

13/07/2023 13:57:48 პოლიტიკა

"ელჩის საქმე არ არის შეკვეთების მიცემა ვინმესთვის ვინმეს დაჭერასთან დაკავშირებით", - ასე გამოეხმურა „ქართლი ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აშშ-ის ელჩ კელი დეგნანისგანცხადებას „პრაიდ ფესტივალთან“ დაკავშირებულ მოვლენებზე.

კობახიძის განცხადებით, თუ ვინმეს დასჯაზეა საუბარი, ჯერ „7-8 მარტის მოძალადეები“ არიან რიგში.

„რაც შეეხება თვითონ სასჯელს, ელჩის საქმე არ არის შეკვეთების მიცემა ვინმესთვის ვინმეს დაჭერასთან დაკავშირებით, ამაზე დიპლომატი არ უნდა საუბრობდეს. მე მინდა შეგახსენოთ, რომ თუ საუბარია დაჭერაზე, ქრონოლოგიურად ჯერ რიგი უწევთ 7-8 მარტის მოძალადეებს და მერე შეიძლება დადგეს სხვისი ჯერი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, დიპლომატის საქმე არ არის შეკვეთის მიცემა დაჭერასთან დაკავშირებით. ჩვენ გვყავს დამოუკიდებელი სამართალდამცავი ორგანოები, მადლობა ღმერთს და ისინი იღებენ გადაწყვეტილებას ამ თემებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, შსს მინისტრის დამსახურებაა, რომ „პრაიდ ფესტივალთან“ დაკავშირებულ მოვლენებზე არავინ დაზიანებულა, რისთვისაც მინისტრს მადლობა ეკუთვნის:

„შინაგან საქმეთა სამინისტრო გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ ძალადობა თავიდან არიდებული ყოფილიყო და შინაგან საქმეთა სამინისტროს დამსახურებაა ის, რომ არცერთი ადამიანი ფიზიკურად არ დაზიანებულა მიუხედავად იმისა, რომ რისკები არსებობდა. აქედან გამომდინარე შსს მინისტრს ეკუთვნის მადლობა და მე არ მგონია, რომ ეს შეფასება იყოს სწორი, რაც გაკეთდა კონკრეტული დიპლომატის მხრიდან“.

ცნობისთვის: დღეს აშშ–ის ელჩმა კელი დეგნანმა "პრაიდის ფესტივალის" ჩაშლაზე საუბრისას აღნიშნა, რომ "ვანდალიზმს პოლიციის მხრიდან პასუხი არ ჰქონია":

"გასული წლის მოვლენებზე ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ იცავდა პოლიცია მოქალაქეებს და აკონტროლებდა მომიტინგეებს. გასული შაბათის ღონისძიების წინა დღეს მე შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებმა დამარწმუნეს, რომ მომიტინგეებს პოლიციის პერიმეტრის გარღვევის უფლება არ მიეცემოდათ და ისინი კონცერტზე დამსწრე ხალხისაგან უსაფრთხო დისტანციაზე იქნებოდნენ. არც ერთი მათგანი არ შესრულდა. ჩვენ ეს ვერ ვნახეთ. ფაქტობრივად, დაუმორჩილებელ ბრბოს ძალადობის მოწოდებით თბილისის ქუჩებში რამდენიმე კილომეტრის გავლის საშუალება მიეცა. მათ არა მხოლოდ პოლიციის პერიმეტრის გარღვევის, არამედ ადგილზე შესვლის, ვანდალიზმის, ძარცვისა და ქონების განადგურების უფლება მიეცათ ისე, რომ ამას პოლიციის მხრიდან პასუხი არ ჰქონია".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S