Accentnews.ge
"ვნუკოვოს" თანამფლობელი თბილისში რუსებისთვის ჰაბის შექმნის შესახებ ყვება

"ვნუკოვოს" თანამფლობელი თბილისში რუსებისთვის ჰაბის შექმნის შესახებ ყვება

13/07/2023 15:03:27 პოლიტიკა

თბილისში რუსეთის მოქალაქეებისთვის სატრანზიტო ჰაბი იქმნება, რათა მათ ევროპაში ფრენა შეძლონ, - განაცხადა რუსულ გამოცემა РБК-სთან ინტერვიუში რუსული ავიაკომპანია "აზიმუტისა" და "ვნუკოვოს" აეროპორტის თანამფლობელმა ვიტალი ვანცევმა.

ცნობისთვის: მიმდინარე წლის მაისში საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენები განახლდა. რეისებს რუსული "აზიმუტი" და ქართული "ჯორჯიან ეარვეის" ახორციელებენ.

ამასთან, როგორც ვიტალი ვანცევის, ისე "ჯორჯიან ეარვეისისა" და მისი დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილის მიმართ უკრაინას სანქციები აქვს დაწესებული.

"ჩვენი "ჯორჯიან ეარვეისელი" პარტნიორები ტრანზიტის თვალსაზრისით რუს მგზავრებს სარფიან წინადადებებს სთავაზობენ და ევროპაში გზას უხსნიან - პარიზისკენ, ნიცისა და რომისკენ, სადაც ამჟამად მათთვის ფრენა აკრძალულია. საბოლოო ჯამში, რუსეთის მოქალაქეები თბილისში რიგით მეოთხე კარგ სატრანზიტო კვანძს მიიღებენ სტამბოლის, ერევნისა და ბაქოს შემდეგ" - აცხადებს ვანცევი.

იგი არ მალავს, რომ რუსული მხარე აქტიურად თანამშრომლობს ქართულ ავიაკომპანიასთან და აცხადებს, რომ თამაზ გაიაშვილი მისი "პირადი მეგობარია".

"ჯორჯიან ეარვეისთან" ერთობლივად ვცდილობთ, ჰაბი ისე ჩამოვაყალიბოთ, რომ იგი რუსი მგზავრებისთვის მაქსიმალურად კომფორტული იყოს და მათ მაქსიმუმ, საათი - საათნახევარი მოუწიოთ გადაჯდომისას ლოდინი" - დასძენს ვანცევი.

რაც შეეხება თბილისსა და მოსკოვს შორის ფრენაზე ბილეთების მაღალ ფასს, მისივე თქმით, "ავიაცია ისეა მოწყობილი, რომ რაც მეტს დავფრინავთ, მით ნაკლებია თვითღირებულება".

"თითქმის 4 წლის წინ რუსულმა ავიაკომპანიებმა ქართული ბაზარი დაკარგეს, მაგრამ ახლა მას ვავითარებთ და რაც მეტად გავავითარებთ, მით უფრო ხელმისაწვდომ წინადადებებს შევთავაზებთ კლიენტებს. იგივე ეხება სატრანზიტო მგზავრების რაოდენობის ზრდასაც. ამ ფაქტორების ერთობლიობა დროთა განმავლობაში ფასის შემცირებას გამოიწვევს" - აღნიშნა ვანცევმა.

მისივე ინფორმაციით, "აზიმუტი" ფლობს სიხშირეებს თბილისში მინერალური წყლებიდან და სოჭიდან საფრენად, ისევე, როგორც "სიხშირეებს ბათუმში ფრენისთვის" და რეისები აუცილებლად დაინიშნება, თუკი მათ "დატვირთვის პოტენციალი" ექნებათ.

ცნობისთვის: "აზიმუტსა" და Georgian Airways-სს საქართველოსა და რუსეთის დედაქალაქებს შორის დღეში ერთი რეისი ჰქონდათ. 5 ივლისიდან რუსული ავიაკომპანია თბილისში დღეში ორჯერ დაფრინავს, ქართულმა ავიაკომპანიამ კი კვირაში რამდენიმე დამატებითი რეისი დანიშნა.

რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ (როსავიაცია) ივლისის დასაწყისში რუსეთსა და საქართველოს ქალაქებს შორის კვირაში 284 ფრენის ნებართვა გასცა. თუმცა, ფრენების დაწყება შესაძლებელია მხოლოდ „რიგი დამატებითი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში“ - , განაცხადეს სამინისტროში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S