ლევან ხაბეიშვილი – ოპოზიციიდან პრემიერობის სავარაუდო კანდიდატურაზე: თემა მოგონილია, სისულელე და სიგიჟეა პრემიერ-მინისტრობაზე მსჯელობა
13/07/2023 15:26:01 პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე შესაძლოა, ენმ–ის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი იყოს, "სისულელეს" უწოდებს.
ხაბეიშვილის განცხადებით, „სტრატეგია აღმაშენებელთან“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის შესახებ რაიმე სახის კონსულტაცია არ მიმდინარეობს.
"სრული სისულელეა რამე თანამდებობებზე, მათ შორის, პრემიერ-მინისტრობაზე მსჯელობაც კი. ჩვენ ქვეყანას უმნიშვნელოვანესი გამოწვევა აქვს, რომელიც უკავშირდება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, გაგვარუსებენ ბოლომდე თუ ვერ შეძლებენ, ამიტომ ყველა ასეთი თემა მოგონილია და ყურით მოთრეული. ამაზე მსჯელობა არ ყოფილა. სისულელეა და სიგიჟეა, რომ დღეს ვინმემ რამე თანამდებობაზე ისაუბროს, როცა რუსული პარტია ქვეყნის გარუსებას აპირებს. ტყუილია, რომ რამე მსჯელობა მიმდინარეობს“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.
მისივე თქმით, სხვადასხვა პარტიებთან კონსულტაციები არ მიმდინარეობს საკითხებზე, რომელიც თანამდებობას ეხება.
„რაც შეეხება თანამშრომლობას და კონსულტაციას, დაწყებული გვაქვს და ვსაუბრობთ, გავაგრძელებთ კონსულტაციებს, მაგრამ ეს კონსულტაციები არ ეხება თანამდებობებს. ეს ეხება ოპოზიციის საერთო სტრატეგიას და ბრძოლის გეგმების განსაზღვრას და თანამშრომლობას. კონსულტაციები მიმდინარეობს, მათ შორის “სტრატეგია აღმაშენებელთან” და სხვა პოლიტიკურ პარტიებთან. შედეგების შესახებ საზოგადოებას აუცილებლად ექნება ინფორმაცია“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.


