ნოდარ მელაძის მანქანის ძარცვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
14/07/2023 07:31:18 პოლიტიკა
"TV პირველის" მთავარი პროდიუსერისა და ტელეწამყვანის ნოდარ მელაძის მანქანის ძარცვის საქმეზე პოლიციამ ერთი ადამიანი დააკავა.
"რადიო თავისუფლების" ცნობით, დაკავებული სავარაუდოდ, არასრულწლოვანია.
ნოდარ მელაძე ამბობს, რომ მას ამ საქმეზე დაზარალებულის სტატუსიც მიანიჭეს.
ტელეწამყვანმა გუშინ, 13 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მისი მანქანა ღამით გაძარცვეს - წაიღეს გარე მეხსიერების დისკი, რომელსაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს იყენებდა. ამ ფაქტს მელაძე პროფესიულ საქმიანობას უკავშირებდა.
"ქურდი რომ ყოფილიყო, სხვა ნივთებსაც წაიღებდა. ამიტომ ამას ვუკავშირებ იმ დაშინების კამპანიას, რომელიც დაიწყეს - ახლა გადავიდნენ მოქმედებაზე, არ ერიდებიან ხალხმრავალ ადგილებსაც, რომ "თავისუფლებიდან" 100 მეტრშიც ვერ ხარ დაცული", - ამბობდა მელაძე და იხსენებდა "ფორმულის" ერთ-ერთი დამფუძნებლის, მიშა მშვილდაძის ცემის ფაქტს, რომელიც რამდენიმე კვირის წინ მოხდა თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე, დღის საათებში.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე - ძარცვის მუხლით.


