
FT: ავსტრია რუსი ჯაშუშების ცენტრად იქცა, ევროპას ეს აშფოთებს
14/07/2023 13:58:37 ევროპა
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო ევროპულ ქვეყნებიდან რუსი დიპლომატების მასობრივი გაძევების შემდეგ, ვენა, ადგილობრივი კანონმდებლობის თავისებურებებისა და იქ რუსეთის საელჩოს მსხვილი წარმომადგემლობის გამო, ევროპის „ჯაშუშ დედაქალაქად“ იქცა,– ამის შესახებ Financial Times წერს და ხაზს უსვამს ევროპული სახელმწიფოების მზარდ შეშფოთებას ავსტრიაში რუსი ჯაშუშების გააქტიურების გამო.
ევროპაში რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის შემდეგ ევროპულმა ქვეყნებმა 400-ზე მეტი რუსი ჯაშუში გააძევეს, რომლებიც დიპლომატიური საფარველის ქვეშ მუშაობდნენ. ავსტრიამ მხოლოდ ოთხი გააძევა.
შემდეგ სამმა ავსტრიულმა ოპოზიციურმა პარტიამ წამოიწყო ცვლილებები კანონმდებლობაში, ქვეყანაში ჯაშუშური საქმიანობის კრიმინალიზაციის მიზნით - ახლა ეს აკრძალულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ აზიანებს ავსტრიის ინტერესებს, მაგრამ საქმე სიტყვების მიღმა არ გასულა: დასავლური დაზვერვის მონაცემებით, ვენაში 180-ზე მეტი აკრედიტებული რუსი დიპლომატია და მათი მესამედი დიპლომატიურ საფარს სადაზვერვო მონაცემების შესაგროვებლად იყენებს. მეტიც, ისინი ავსტრიაში არალეგალურად მოქმედებენ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან სუსტი კონტროლის გამო.
ავსტრიის დედაქალაქში, სავარაუდოდ, რუსული ელექტრონული დაზვერვის ფართომასშტაბიანი ოპერაცია მიმდინარეობს: რუსეთის ყველა დიპლომატიური შენობისა და კომპლექსის სახურავი დაფარულია რადარებით, გუმბათებით და უცნაური ტილოებით, რომელთა ქვეშაც ელექტრონული სადაზვერვო აღჭურვილობა იმალება.
ვენის მნიშვნელობა განსაკუთრებით იმაში მდგომარეობს, რომ იქ რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის შტაბ-ბინაა განთავსებული, კერძოდ, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს, OPEC-ისა და გაეროს სხვადასხვა სტრუქტურის. გარდა ამისა, ავსტრიის დედაქალაქი შეიძლება, გამოიყენონ რუსეთის და სხვა მტრულად განწყობილი სახელმწიფოების სადაზვერვო სამსახურებმა, როგორც ჯაშუშური ოპერაციების კერა ევროპის სხვა ნაწილებში.
მიუხედავად იმისა, რომ ავსტრიის დაზვერვამ 2022 წლის ბოლო მოხსენებაში აღიარა ამ მიმართულებით არსებული პრობლემები, ვენაში ჯაშუშების რაოდენობის ზრდამ უკვე გამოიწვია მოკავშირეების მხრიდან დაგმობა და შეარყია ქვეყნისადმი ნდოობა სხვა ევროპულ სახელმწიფოებში, – წერს FT.
„ევროპის დაზვერვის მაღალი თანამდებობის პირები სულ უფრო გაკვირვებით უყურებენ ავსტრიაში არსებულ ვითარებას. ქვეყანა უკვე გავიდა კონტინენტის მრავალი კარგად დამკვიდრებული სისტემიდან სადაზვერვო ცნობების გაზიარების კუთხით, რომლებიც კოორდინირებულია ბერნის კლუბის მეშვეობით – ევროპული ჯაშუშური სააგენტოების არაფორმალური ქსელი",– დასძენს გამოცემა.
დასავლური დაზვერვის წარმომადგენელი Financial Times-თან საუბრისას ვარაუდობს, რომ ავსტრიის პოზიციაა, ჰქონდეს იმედი, რომ „ყველაფერი დალაგდება“.
„დღეს ავსტრიის პოზიცია ევროპაში არასასიამოვნოა, მაგრამ მთავრობას ყოველთვის შეუძლია, თქვას, რომ კანონი არ ირღვევა. თუ ისინი შეცვლიდნენ კანონს (ჯაშუშობის კრიმინალიზაციის შესახებ. - რედ.), უნდა ეცადონ მის განხორციელებას - და ფაქტია, რომ ამას ალბათ ვერ შეძლებენ“, - განაცხადა მან.