გიული ალასანია: პოლონელ ექიმებთან კონტაქტი არ მქონია და გაუგებარია ჩემკენ ხელს რატომ იშვერენ
15/07/2023 08:39:44 პოლიტიკა
პოლონელ ექიმებთან კონტაქტი არ მქონია და გაუგებარია ჩემკენ ხელს რატომ იშვერენ, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის დედამ გიული ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
ალასანიას თქმით, მომხდარის დეტალები მისთვისაც უცნობია.
„ალბათ, კომენტარი გაკეთდება იმ ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც დღეს ამ ადამიანის მიმართ არის, ყოველ შემთხვევაში, დასავლეთში ძალიან დიდი ინტერესია, ალბათ, ყველაფერი გაირკვევა, ასე დამალული დიდ ხანს ვერ დარჩება, მე ასე მგონია და ალბათ, შემდგომ კომენტარებს მოვისმენ. ალბათ, იქითა მხარეც თავის განმარტებას გააკეთებს, არ ვიცი. არ ვიცი, ჩემკენ ხელს რატომ იშვერენ იმიტომ, რომ მე არცერთ დონეზე არ ვყოფილვარ, ერთადერთი თანხმობას ვაძლევდი ხოლმე, რომ თანახმა ვარ. მე რა გზით უნდა მიმეწოდებინა [ინფორმაცია] იმ ექიმებისთვის, მათთან კონტაქტი არცერთ დონეზე არ მქონია და როგორ უნდა განმემარტა? უნდა განემარტათ თვითონ იმათ, ვინც ჩამოიყვანა და ვინც ამ ხალხთან კონტაქტში იყო, მე რა შუაში ვარ?“ - განაცხადა მან და დასძინა, რომ არ იცის, არსებობდა თუ არა რაიმე პროტოკოლი, რომელიც პოლონელ ექიმებს უნდა დაეცვათ.
14 ივლისს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება და კადრები გაავრცელა. განცხადების თანახმად, ვიზიტის განმავლობაში, ერთ-ერთი პოლონელი ექიმისგან ადგილი ჰქონდა „გაუგებარ ინციდენტს“, კერძოდ, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით. ამასთან, უწყება განმარტავს, რომ ოფიციალური წესით აღებული ნიმუშის გატანის უფლება მათ მისცა სამსახურმა, შესაბამისად, აღნიშნული ქმედება „ექიმის მხრიდან სამედიცინო ეთიკურ და სამართლებრივ ნორმებთან შეუსაბამო საქციელს კიდევ უფრო მეტად მატებს ბუნდოვანებას".


