
პროკურატურა: „ფორმულას“ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის და ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
15/07/2023 08:49:47 სამართალი
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა.
გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უწყება ბრალდებულისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 13 ივლისს, ბათუმში, ბრალდებულმა ჟურნალისტური საქმიანობის შეწყვეტის მიზნით ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტის მიმართ ძალადობა განახორციელა.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ძალადობა) და 154-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) წარედგინა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.