
"უმრავლესობის შენარჩუნება საგანგებო მნიშვნელობა შეიძინა"
26/11/2019 09:06:21 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
მე ახლაც იმ აზრზე ვარ, რომ პროპორციული არჩევნები ქვეყნისთვის გამოსავალია, მაგრამ საგანგებო მნიშვნელობა შეიძინა უმრავლესობის შენარჩუნებამ, ვინაიდან ქვეყანა არ წასულიყო დაშლისკენ და არ შექმნილიყო ის კრიზისი, რომელსაც უნდა ვერიდოთ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, დესტრუქციული განცხადებები და ქმედებები ოპოზიციამ 24 ივნისიდან დაიწყო, რაც „ქართულმა ოცნებამ“ პროპორციული არჩევნების შესახებ თანხმობა განაცხადა.
როგორც კი „ქართულმა ოცნებამ“ 24 ივნისს გამოაცხადა იმის თაობაზე, რომ პროპორციული არჩევნები არის ის საწყისი, რაზეც შეიძლება აიგოს კონსენსუსი, მიუხედავად დაპირისპირებისა, და კოალიციური პასუხისმგებლობის წინაპირობა შეიქმნას სტაბილურობისათვის, იმ დღიდანვე მოყოლებული არც ერთი დღე არ ყოფილა დესტრუქციული ქმედებების და დესტრუქციული განცხადებების გარეშე. ამ დესტრუქციის კულმინაცია მოხდა მაშინ, როცა ჩვენ ვიხილავდით მათ მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით. ყველამ იცოდა, რომ ამის შემდეგ უნდა განხილულიყო პროექტი, რომელსაც წარმოადგენდა უმრავლესობა. აი, მაშინ, არათუ ეჭვი გამიჩნდა, არამედ მნიშვნელოვანწილად დავეთანხმე იმ კოლეგებს და მეგობრებს, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ამ ადამიანებთან, ამ პოლიტიკურ ძალებთან კოალიციური პასუხისმგებლობის აღება სტაბილურობაზე ქვეყნისთვის იქნებოდა მნიშვნელოვნად დამაზიანებელი. მე არ ვამბობ, რომ გადავდექი ჩემი მოსაზრებიდან, პროპორციული არჩევნები, ვფიქრობ, მაინც გამოსავალია ქვეყნისათვის, მაგრამ საგანგებო მნიშვნელობა შეიძინა უმრავლესობის შენარჩუნებამ, რომ ქვეყანა არ წასულიყო დაშლისაკენ და არ შექმნილიყო ის კრიზისი, რომელსაც ესოდენ უნდა ვერიდოთ”, – განაცხადა ვოლსკიმ.
დეპუტატის თქმით, ის ფაქტი, რომ საკანონმდებლო ორგანო პოლიციითაა გარშემორტყმული, უხერხულობას უქმნის: "რასაკვირველია, ეს უხერხულობა არსებობს, მაგრამ ეს არის ნამცეცი იმ უხერხულობასთან, რომელიც შეიძლება შეექმნას სახელმწიფოს, თუკი მუშაობას არ გავაგრძელებთ ჩვენ და სახელმწიფო სტრუქტურები". მისივე თქმით, ახალგაზრდების ნაწილს, რომელიც დღეს ანტისახელისუფლებო აქციებში მონაწილეობს, ემოციური კავშირი არ აქვს “ნაციონალური მოძრაობის” დროს პოლიციელების მიერ ჩადენილ დანაშაულთან.
“ჩემი ბიუროს კუთხეში 2004 წელს 20 წლის ახალგაზრდა დაჭრეს იმის გამო, რომ არ დაემორჩილა პირველ შეძახილისთანავე პოლიციას და შემდეგ, მეორე კუთხეში, საკონტროლო გასროლით მოკლეს. აი, ეს მინდა შევახსენო ახალგაზრდებს. მართალია, ბევრია იქ ორგანიზებული, ყოფილი „კმარელები“, დღევანდელი „კმარელები“, მაგრამ არიან ახალგაზრდები, ვისაც ამასთან ემოციური კავშირი არა აქვს, მაგრამ უნდა ახსოვდეთ ვის გვერდით დგანან და რა მოთხოვნებს ემორჩილებიან“, – განაცხადა ვოლსკიმ.