
ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლასა და ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულს 3 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
17/07/2023 15:19:07 სამართალი
ბათუმში ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტ სალომე ბოკუჩავას მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლასა და ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულ პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 3 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.
პროკურატურა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 - ლარიან გირაოს სთავაზობდა, რაც სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
შუა ხნის ქალს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 154-ე მუხლებით ედავება.
თავად ბრალდებული აცხადებს, რომ დაკისრებულ გირაოს გადახდას ვერ შეძლებს და დანაშაულს აცნობიერებს.
საქმე ეხება ბათუმში რამდენიმე დღის წინ 13 წლის მოზარდის გაუპატიურების ფაქტს, რის გამოც სამართალდამცავებმა მოზარდის მამა დააკავეს. მომხდარის გამო „ფორმულას“ ჟურნალისტი სალომე ბოკუჩავა ადგილზე მივიდა და პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, მას 13 წლის არასრულწლოვანის ბებია (გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული კაცის დედა) ფიზიკურად გაუსწორდა, რის გამოც შუა ხნის ქალს ბრალი წარუდგინეს.