
რუსეთისა და აზერბაიჯანის საგარეო უწყებებში ამ ქვეყნების ელჩები დაიბარეს
18/07/2023 07:47:02 კავკასია
რუსეთის საგარეო საქმეთა საინისტროში რუსეტში აზერბაიჯანის ელჩი ფოლად ბულბულოღლუ დაიბარეს.
რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, მას სერგეი ლავროვის მოადგილე ანდრეი რუდენკო შეხვდა და განიხილეს „სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება, აზერბაიჯანისა და სომხეთის შერიგების პროცესი“.
ოფიციალურ შეტყობინებაში ნათქვამია, რომ რუსულმა მხარემ „კიდევ ერთხელ დაადასტურა ლაჩინის (მთიანი ყარაბაღის სომხეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი ფუნქციური გზა) დერეფნის სრული და მტისიერი განბლოკვის აუცილებლობა, მის გასწვრივ სატრანსპორტო კავშირების აღდგენა ორივე მიმართულებით 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების შესაბამისად, ასევე ნორმალური ცხოვრებისათვის პირობების შექმნა მთიანი ყარაბაღისთვის“.
„აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს არაკორექტულ კომენტარებთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 15 ივლისის განცხადებასთან მიმართებით ხაზგასმით აღინიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია ყოველთვის პატივისცემით ეპყრობოდა და ეპყრობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიულ მთლიანობას, სრულად არის ერთგული მოკავშირეთა თანამშრომლობის შესახებ ორმხრივი დეკლარაციის სულისკვეთების მიმართ. ამავდროულად, ეს არ აუქმებს სომეხ-აზერბაიჯანის ნორმალიზაციის პროცესის ყოვლისმომცველი ხელშეწყობის ამოცანას, დღის წესრიგში არსებული ყველა საკითხის გადაწყვეტას, მათ შორის მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის უფლებებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას, მხოლოდ მშვიდობიანი პოლიტიკური და დიპლომატიური მეთოდებით", - ნათქვამია განცხადებაში.
რუსულმა მხარემ დაადასტურა მზადყოფნა, უზრუნველყოს საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრა მოსკოვში, რათა განიხილონ უმაღლეს დონეზე შეთანხმებების განხორციელების გზები, მათ შორის სამშვიდობო ხელშეკრულებაზე შეთანხმების საკითხი, რასაც მოჰყვება ლიდერების სამიტი.
იმავე დღეს აზერბაჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრა გაიმართა აზერბაიჯანში რუსეთის ახლად დანიშნულ ელჩთან მიხეილ ევდოკიმოვთან.
როგორც იუწყებიან, შეხვედრაზე მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა კვლავ გააჟღერა აგდამის გზის გამოყენების შესაძლებლობა ყარაბაღის სომეხი მაცხოვრებლების მომარაგებისთვის.
APA–ს ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობას ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებების ფარგლებში, კეთილმეზობლობის, მეგობრობისა და ურთიერთგაგების პირობებში. კერძოდ, ანგარიშის მიხედვით, აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის სამოკავშირეო თანამშრომლობის შესახებ დეკლარაციის შესაბამისად, ორი ქვეყანა ურთიერთობებს აშენებენ დამოუკიდებლობის, სახელმწიფო სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთპატივისცემის პრინციპებზე.
ხაზგასმით აღინიშნა, რომ განცხადებები, რომ ლაჩინის სასაზღვრო გამშვები პუნქტის საქმიანობასთან დაკავშირებით, რეგიონში თითქოსდა შეიქმნა „დაძაბული ჰუმანიტარული სიტუაცია“, ამახინჯებს რეალობას“, - აცხადებენ აზერბაიჯანის საგარეო უწყებაში.
სტეფანაკერტი და ერევანი უკანონოდ მიიჩნევენ აზერბაიჯანის მიერ საგუშაგოს განთავსებას ლაჩინის დერეფანში, რომელიც მთიან ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს. სომხური მხარე მიუთითებს 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, დერეფნის გასწვრივ სამგზავრო და სატვირთო მოძრაობაზე კონტროლი ორივე მიმართულებით ექსკლუზიურად რუსი სამშვიდობოების მიერ უნდა განხორციელდეს.
მანამდე აზერბაიჯანმა რუსეთი და სომხეთი დაადანაშაულა შეთანხმების შეუსრულებლობაში. რამდენიმე დღით ადრე თურქეთის ლიდერმა განაცხადა, რომ რუსი სამხედროები 2025 წელს დატოვებენ მთიან ყარაბაღს.