Accentnews.ge
კიევში "მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების საერთაშორისო მოძრაობა" დაფუძნდა

კიევში "მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების საერთაშორისო მოძრაობა" დაფუძნდა

18/07/2023 11:19:55 პოლიტიკა

კიევში "მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების საერთაშორისო მოძრაობა" დაფუძნდა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ უკრაინელი დეპუტატები, უკრაინის სახალხო დამცველი, კიევში ვიზიტით ჩასული ნიკა გვარამია და უკრაინელი უფლებადამცველები.

ღონისძიებაზე ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარემ დავით არახამიამაც. მისი თქმით, რადაში მიღებული რეზოლუციის მიზანია, მსგავსი მიმართვა საქართველოს ხელისუფლებისადმი სხვა ქვეყნების პარლამენტებმაც მიიღონ. არახამია ფიქრობს, რომ ამ სტრატეგიამ შეიძლება, იმუშაოს და საქართველოს ხელისუფლება იძულებული გახდეს, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი.

სიტყვით გამოვიდა ნიკა გვარამიაც, რომელმაც აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის გადარჩენა და გათავისუფლება რეგიონის სხვა ქვეყნებს - თურქეთს, სომხეთსა და აზერბაიჯანსაც შეუძლიათ.

"მიხეილ სააკაშვილი არის არა უბრალოდ პოლიტპატიმარი, რამედ ბიძინა ივანიშვილისა და ვლადიმირ პუტინის პირადი პატიმარია, იმიტომ რომ ისეთი მეტოქე, როგორიც სააკაშვილია, არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში არამედ მთელ მსოფლიოში, პუტინს არასდროს ჰყოლია. ჯერ კიდევ 15 წლის წინ, როდესაც არავის სჯეროდა, რომ რუსეთი ისეთივე ბოროტების იმპერიაა, როგორიც იყო 70 წლის განმავლობაში და შესაძლოა საუკუნეების განმავლობაშიც, მიშა ამაზე საუბრობდა. მან იწინასწარმეტყველა ყირიმის ამბავიც და სწორედ ამიტომ ზის ის დღეს ციხეში. ჩემთვის მისი გათავისუფლება არის მეგობრის დახსნა ციხიდან, მეგობრისა, რომელიც ძალიან მიყვარს. მე ჩემს მაგალითზე გეტყვით, თუ რა გააკეთა მიშამ საქართველოსთვის. მე აფხაზეთიდან ვარ მაგრამ 2003 წელს თბილისში ცხოვრება მომიწია მოდით ასე ვთქვათ, ფორსმაჟორული სამხედრო მოქმედებების გამო. მაშინ ყველას წარმოუდგენლად ეჩვენებოდა, რომ ჩემნაირი ადამიანი შეიძლებოდა მინისტრი გამხდარიყო. და მე გავხდი მინისტრი 5 წლის შემდეგ, იმიტომ რომ მიშამ საქართველოში ყველაფერი შეცვალა. მან გაუხსნა კარი ყველას, ვინც ამას იმსახურებდა და დაუხურა კარი ყველას, ვინც ამას არ იმსახურებდა. მიშამ საქართველო პოსტ საბჭოთა ქვეყნიდან ნამდვილ ქვეყნად აქცია. სამწუხაროდ ახლა ყველაფერი ისევ უკან დაბრუნდა. ახლა საქართველოს პოლიტიკა ისე ახლოს არის რუსულ პოლიტიკასთან, როგორც არასდროს. ეს პარადოქსულია, იმიტომ რომ რუსეთი ახლა ისეთი სუსტია, როგორც არასდროს. უბრალოდ, საქართველოს ხელისუფლება ფსონს ჩამოდის რუსეთის გამარჯვებაზე, რადგან მას სხვა გამოსავალი არა აქვს. ამ ბოროტების სიმბოლო არის ციხეში მყოფი სააკაშვილი. ახლა მიშა არის თავისუფალი სამყაროს სიმბოლო. მე დარწმუნებული ვარ, რომ მიშას გადარჩენის გასაღები არის უკრაინაშიც, მაგრამ მე ვისურვებდი, რომ ჩვენი რეგიონის სხვა ქვეყნებმაც, აზერბაიჯანმა, სომხეთმა და თურქეთმა, უთხრან თავიანთი სიტყვა ივანიშვილის რეჟიმს. მე ვფიქრობ, რომ მიშამ ამ ქვეყნებისგან ეს დაიმსახურა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ქვეყნებიც გულშემატკივრობენ მიშას. უბრალოდ, ამის შესახებ ხმამაღლა არის საჭირო ლაპარაკი", -განაცხადა გვარამიამ.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი კობა ნაყოფიაც. როგორც ნაყოფიამ აღნიშნა, სააკაშვილი დღეს პუტინის პირადი პატიმარია.

კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა უკრაინის სახალხო დამცველი, რომელმაც მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების დაშვებას "ვითომ ჰუმანური" ნაბიჯი უწოდა და აღნიშნა, რომ უკრაინა ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევას.

"დემოკრატიულმა სამყარომ იცის, რომ დემოკრატია იწყება იმით,რომ დაცული იყოს თითოეული ადამიანის უფლება. უკრაინა ყურადღებას ამახვილებდა და მომავალშიც გაამახვილებს საქართველოს ხელისუფლების მიერ სააკაშვილის უფლებების დარღვევაზე. ცოტა ხნის წინ ჩვენ გვაჩვენეს პირველი ბრჭყალებში ჰუმანური ნაბიჯი,როცა სააკაშვილთან პოლონელი ექიმები შეუშვეს. მე გამიჩნდა შეკითხვა, რატომ არ შეუშვეს უკრაინის ხელისუფლება? რატომ არ შეუშვეს უკრაინის ომბუდსმენი, რომელმაც ათეულობით წერილი დაწერა იუსტიციის სამინისტროში, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოს სახალხო დამცველთან, რომელიც ცოტახნის წინ აირჩიეს და რომელიც აცხადებდა, რომ ყველა ადამიანის უფლებას დაიცავს, მათ შორის უკრაინის მოქალაქე სააკაშვილისას. არანაირი ოფიციალური პასუხი არ მიმიღია საქართველოს ხელისუფლებისგან. ყოველ ჩემ შეხვედრაზე საერთაშორისო კონფერენციებზე მე უკრაინის მოქალაქე სააკაშვილის საკითხს მუდმივად დღის წესრიგში ვაყენებ. უკრაინა იბრძვის და იბრძოლებს ყველას უფლებებისთვის, სადაც არ უნდა იმყოფებოდნენ ჩვენი მოქალაქეები. ეს იქნება რუსეთის ფედერაციის ციხეში, თუ ქართულ დაწესებულებებში. დღევანდელი შეხვედრით გვინდა ვაჩვენოთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ მხოლოდ ოფიციალურ წერილებს არ დავუწერთ, ჩვენ ასევე გამოვალთ საჯაროდ და არაერთ მოთხოვნას გავუგზავნით ევროპულ ინსტიტუტებს. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა უკრაინის პარლამენტს, რომელმაც 14 ივლისს მიიღო რეზოლუცია და გაგზავნა სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში",– აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას დმიტრო ლუბინეცმა.

ღონისძიებას ჩაერთო მიხეილ სააკაშვილის დედა. გიული ალასანიამ უკრაინას და პრეზიდენტ ზელენსკის, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას მისი შვილის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პარლამენტმა 14 ივლისს რეზოლუცია მიიღო, რომლითაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S