
ადიგენელი ანრი ხოზრევანიძე ევროპის ჩემპიონია
18/07/2023 12:54:16 რეგიონები, რეკლამა
ქართველი სპორტსმენი ანრი ხოზრევანიძე ევროპის ჩემპიონია.
ადიგენის მერიის ცნობით, ადიგენელმა სპორტსმენმა ანრი ხოზრევანიძემ ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, 20-წლამდელ 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში, მოჭიდავეთა შორის პირველობა მოიპოვა. მან ფინალში სომეხი აღაჯანიანი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა.
ანრი ხოზრევანიძე, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელი პატარა ზანავის მკვიდრია. იგი მცირე ასაკიდან სპორტით არის დაკავებული. ვარჯიში 6 წლის ასაკში დაიწყო, ამ დროიდან მოყოლებული დღემდე, მისი პირადი მწვრთნელი მინდია შაინიძეა, რომელსაც ანრის მიღწევებში დიდი წვლილი მიუძღვის. აღსანიშნავია, რომ ანრი ხოზრევანიძემ არაერთი წარმატება მოუტანა ადიგენის მუნიციპალიტეტსა და ქვეყანას. ახალგაზრდა სპორტსმენი არაერთგზის ჩემპიონია.
2020-2021 წლებში ევროპისა და მსოფლიო პრიზიორი, 2022 წელს კი კადეტთა შორის ევროპის ჩემპიონი იყო. ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქიმაძემ, ანრი ხოზრევანიძეს მიღწეული შედეგი პირადად მიულოცა, სიმბოლურად ფულადი ჯილდო გადასცა და მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებები უსურვა.
„გილოცავ დამსახურებულ შედეგს და ვიმედოვნებ რომ, ჩვენი მომავალი თაობისათვის სამაგალითო იქნება შენი თითოეული წარმატება. ჩვენის მხრივ კი ყოველთვის ვეცდებით, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდების წინსვლას და განვითარებას. ვისურვებ, რომ მსოფლიო ჩემპიონიც გამხდარიყავი, რამეთუ ამას შენი მონდომებითა და დაუღალავი შრომითა ნამდვილად იმსახურებ", – განაცხადა გოჩა ქიმაძემ.