Accentnews.ge
ვის არ უშვებენ მესაზღვრეები საქართველოში - TDI-ის კვლევა

ვის არ უშვებენ მესაზღვრეები საქართველოში - TDI-ის კვლევა

18/07/2023 16:18:19 ეს საინტერესოა, საზოგადოება

"ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების" ინსტიტუტმა შეისწავლა, რა მიზეზით და ვის ეუბნებიან უარს ქართველი მესაზღვრეები.

მონაცემების შეგროვებისას ორგანიზაციამ გაარკვია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში არ არსებობს სრულყოფილი ბაზა ამ საკითხზე - TDI ითხოვდა ინფორმაციას ვიზიტორთათვის საზღვრის კვეთაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძვლების შესახებ.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ვერ მიიღეს ინფორმაცია, რამდენი უცხოელი და რა მიზეზით გააბრუნეს საქართველოს საზღვრიდან. ამის გამო TDI დაეყრდნო სახალხო დამცველის მიერ შსს-დან მიღებულ მონაცემებს, რომელთა მიხედვითაც, 2022 წელს საქართველოში უცხო ქვეყნის 3 246 757 მოქალაქე შემოვიდა, ხოლო 21 698-ს უარი ეთქვა. ადამიანის უფლებების დაცვაზე მომუშავე ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ გავრცელებული პრაქტიკის მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოში შემოშვებაზე უცხოელებს უარს ყოველგვარი დამატებითი ახსნა-განმარტებისა და დაკონკრეტების გარეშე​ ეუბნება.

"ეს პრაქტიკა, წინა წლების მსგავსად, განსაკუთრებით თვალშისაცემია აფრიკისა და სამხრეთ აზიის ქვეყნების მოქალაქეებთან დაკავშირებით. მაგალითად, მედიაში გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, სამედიცინო ფაკულტეტის სამხრეთაზიელი სტუდენტები ამბობენ, რომ ამ ქვეყნებიდან ტურისტებისა და სტუდენტებისთვის, რომელთაც ყველა სათანადო დოკუმენტი აქვთ, ჩვეულებრივი ამბავია, რომ უარი უთხრან ქვეყანაში შემოშვებაზე და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე შემდეგი რეისით უკან დააბრუნონ.

ისინი ჰყვებიან, თუ როგორ დააბრუნეს საქართველოდან უკან ინდოელი და ნიგერიელი სტუდენტები მიზეზის სათანადო განმარტების გარეშე. სამედიცინო ფაკულტეტის მეხუთე კურსის სტუდენტი კი იხსენებს, თუ როგორ გაიყვანეს მოშორებით მესაზღვრეებმა გამოსაკითხად, როდესაც ის საქართველოში პირველად ჩამოვიდა", - ნათქვამია ორგანიზაციის კვლევაში.

ორგანიზაცია მიუთითებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის თვალსაზრისით, საინტერესოა უკრაინის, რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეების მიმართ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის ანალიზი. ის ეყრდნობა "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" მიერ დამუშავებული მონაცემებს, საიდანაც ირკვევა, რომ 2022 წლის მარტში საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა რუსეთის 340, უკრაინის 65, ხოლო ბელარუსის 16 მოქალაქეს.12 ამ თვალსაზრისით, საყურადღებოა, რომ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის მარტში, როგორც რაოდენობრივად, ასევე პროცენტულად, ქვეყანაში შემოსვლაზე უფრო მეტჯერ უარი ეთქვათ უკრაინის მოქალაქეებს, ვიდრე ბელარუსისას.

„საინტერესოა, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მასობრივ შემოსვლასთან დაკავშირებით ჩატარებული საზოგადოების განწყობის კვლევის თანახმად მოსახლეობის უმრავლესობისთვის მიუღებელია ამ თვალსაზრისით ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკა. კერძოდ, გამოკითხულთა 57%-ის აზრით, საკითხისადმი ხელისუფლების მიდგომა მიუღებელია. ამის საპირწონედ, ხელისუფლების პოლიტიკას გამოკითხულთა მხოლოდ 29% უჭერს მხარს. ამასთან, რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას გამოკითხულთა 69% ემხრობა“,– მიუთითებს ორგანიზაცია.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს საზღვრის კვეთის პროცესში სერიოზული დაბრკოლებები ექმნებათ რუსეთის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ, რეპრესიებს გამოქცეულ რუსეთის მოქალაქეებს, რაც, უმეტეს შემთხვევაში, საქართველოში მათი არშემოშვებით სრულდება.

ასევე საინტერესოა ბინადრობის ნებართვების გაცემის სტატისტიკა, რომელიც ორგანიზაციას მოჰყავს:

2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 11 აპრილამდე რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებმა ბინადრობის ნებართვის მოთხოვნით წარადგინეს სულ 10,304 განცხადება, რომელთა 32,5%(3,340), სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის ინტერესებზე მითითებით, არ დაკმაყოფილდა,ხოლო ნახევარზე მეტი – 56% (5,759) დაკმაყოფილდა. 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რუსეთის მოქალაქეების მიმართვიანობა 54%-ით, ხოლო დაკმაყოფილების მაჩვენებელი 25%-ით გაიზარდა. იმავე პერიოდში ბინადრობის ნებართვის მოთხოვნით უკრაინის მოქალაქეებმა წარადგინეს 943 განცხადება, რომელთა 5% სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის ინტერესებზე მითითებით, არ დაკმაყოფილდა, ხოლო 85% დაკმაყოფილდა.1925 განცხადება წარადგინეს ბელარუსის მოქალაქეებმა. მათი 28% (543), სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის ინტერესებზე მითითებით არ დაკმაყოფილდა, ხოლო 61% (1167) დაკმაყოფილდა.

კვლევაში აღნიშნულია, რომ რუსეთში სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, როცა რუსეთის მოქალაქეებმა მასობრივად დაიწყეს ქვეყნის დატოვება, ქართველი მესაზღვრეები ჩრდილოკავკასიელების დიდ ნაწილს სახელმწიფო საზღვრის კვეთაზე უარს ეუბნებოდნენ და მიზეზის აუხსნელად უკან აბრუნებდნენ.

"ჩრდილოკავკასიელი რესპონდენტები მედიასთან ინტერვიუში აღნიშნავდნენ, რომ მესაზღვრეები მათ, სავარაუდოდ, სხვადასხვა გარეგნული, რელიგიური და კულტურული ატრიბუტის გამო, აგრეთვე იმის გამო, რომ პასპორტში დაბადების ადგილად ჩრდილოეთ კავკასია ჰქონდათ მითითებული, დამატებითი შემოწმების გასატარებლად სპეციალურად გამოყოფილ ოთახში (ოთახი N222) აყოვნებდნენ", - აღნიშნავს "ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი".

ორგანიზაცია აქვეყნებს ყაბარდო-ბალყარეთსა და ჩეჩნეთში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებთან ჩატარებული ინტერვიუების ფრაგმენტებსაც:

· „რასაც შევესწარი, იყო დამამცირებელი და ღირსების შემლახავი მოპყრობა, მუყაოს ყუთები ჰქონდათ გაშლილი ადამიანებს და იქვე ეძინათ. კაცები წვერს იპარსავდნენ და ამბობდნენ, უწვეროდ უფრო მარტივად გაგვიშვებენო. მხოლოდ ჩრდილოკავკასიელებს ეპყრობოდნენ ასე“, - 35 წლის ბულატი.

· „ჩემს გვარზე გაამახვილეს ყურადღება, ჰიჯაბი მეხურა და მკითხეს, ასეთი ჩაცმულობა რატომ გაქვსო. შემდეგ დაწვრილებით გამომკითხეს, როდის მივიღე ისლამი, მოძღვარი მყავდა თუ არა, ჩემი ქმარიც მუსლიმი იყო თუ არა და მან ხომ არ მიმაღებინა ისლამი. ჩემი ქმარი ბათუმში ცხოვრობს და მასთან ჩავდიოდი ექვსი წლის შვილთან ერთად. სხვა თავსაფრიანი ქალებიც ამბობდნენ, რომ რელიგიაზე ზედმეტად ამახვილებენ ყურადღებასო“, - 32 წლის ნინა.

ამასთან, ორგანიზაცია სახელმწიფო უწყებებიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ რასობრივი შეუწყნარებლობის კვალიფიკაციით საქართველოში მომხდარ დანაშაულზე გამოძიება არ დაწყებულა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S