
ირაკლი კობახიძე: "სალობიეში თუ ვინმეა, ეს არის თვითონ ოპოზიცია"
26/11/2019 13:34:32 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
„სალობიეში თუ ვინმეა, ეს არის თვითონ ოპოზიცია. კრიზისში და სალობიეში ისინი არიან და კარგია, რომ მიხვდნენ, სად უნდა მისულიყვნენ“, - ასეთი პასუხი გასცა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სალობიეში ვახშმობისას მომხდარი ინციდენტის შესახებ დასმულ შეკითხვას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ.
25 ნოემბერს პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო დემონსტრაციის მიმდინარეობისას სოციალურ ქსელში გავრცელდა სალობიეში გადაღებული ფოტო, რომელზეც სალომე ზურაბიშვილი იყო აღბეჭდილი.
რამდენიმე აქტივისტი სალობიეს შესასვლელთან მივიდა და ჯონჯოლი მიიტანა. მათ პრეზიდენტს გამოსვლა და დალაპარაკება მოსთხოვეს.
პრეზიდენტმა სალობიე პოლიციის თანხლებით და შეძახილების –„მონა!“, „მონა!“ ფონზე დატოვა.