ყიფიანი: უსაფრთხოების გარემო არაერთი ისეთი გადაწყვეტის მოსინჯვის შესაძლებლობას იძლევა, რაზე ფიქრიც კი წარმოუდგენელი იყო

20-07-2023 11:29:18 ინტერვიუ

"აქცენტის" ინტერვიუ ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანთან.

მინდა, ჩვენი საუბარი ახალი ამბით დავიწყო – ირანის სწრაფვით, დაუკავშირდეს რუსეთის ელექტროსისტემას. როგორც ირანელმა მინისტრმა განაცხადა, ამ მიზნით დღის წესრიგშია სომხეთ–საქართველოს მარშრუტი. აქამდე არც საქართველოს და არც რუსეთს ირანთან ელექტროენერგიის მიმოსვლის სქემა არ ჰქონია. კიდევ ერთ მიმართულებად თეირანი ბაქოდან ელექტროენერგიის მიღებას განიხილავს. ოფიციალურ თბილისს კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა ირანელი ოფიციალური პირის თანახმად, პროცესი მოლაპარაკებების დასრულების და განხორციელების ფაზაშია. მესმის, რომ ვსაუბრობთ მეზობლებს შორის გარკვეულ ურთიერთობაზე, რომლებიც ჩვენ არ შეგვირჩევია, მაგრამ ვერსად გავექცევით კონტექსტს და პოლიტიკურ მდგენელს. ფიქრობთ, რომ შესაძლოა, საქმე გვქონდეს ანტიდასავლური 3+3–ის (რომელში მონაწილეობაზეც თბილისმა ოფიციალურად უარი განაცხადა) პირველი პროექტის რეალიზებასთან თუ ეს უსაფუძვლო შიშებია?

– თქვენ ბრძანეთ, რომ ირანული წყაროს თანახმად აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკება მიმდინარეობს. დამეთანხმებით, რომ მხოლოდ ამ ზოგადი და ვითომ კომენტარის მოშველიებით გადაჭრით საუბარი არასერიოზულია. ამ მხრივ, მე მაინც ოფიციალურ ან, მინიმუმ, რამდენიმე დამატებითი წყაროს კომენტარს დაველოდები დასკვნის ან შეფასების გასაკეთებლად. სხვას ვერაფერს დავამატებ.

ერთი კი არის, რომ 3+3 პლატფორმაზე ოფიციალურმა თბილისმა განცხადება გააკეთა. ცხადია მახსოვს ისიც, რომ პირვანდელი ფორმულირებით მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ შეფასება დამატებით განმარტებას საჭიროებდა, რაც გაკეთდა კიდეც. საბოლოოდ, გაცხადდა ქართული მხარის პოზიცია, რომ რუსული ოკუპაციის პირობებში 3+3 ფორმატში საქართველოს ჩართულობა გამოირიცხება. სიმართლე რომ ითქვას, არც საკუთრივ ფორმატს უჩვენებია გამორჩეული სიცოცხლისუნარიანობა, ხოლო ყარაბაღის ომის შედეგად შეცვლილმა რეგიონულმა სურათმა მისი პერსპექტივა კიდევ უფრო ბუნდოვანი გახადა. ამდენად, თუ გარემოებებზე და განვითარებულ პროცესებზე დაყრდნობით ვისაუბრებთ, სულ ესაა რისი შეფასებაც ასე მოკლედ შეგვიძლია.

პარალელურად ვხედავთ, რომ უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზე ინტენსიურად მიდის საუბარი, საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება კი მსუბუქად რომ ვთქვათ, ბუნდოვანია – გაუგებარია, რა სქემაში განიხილავს ქვეყნის გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველყოფას. საქართველოში საკმაოდ პოპულარული აზრია, რომ ალიანსის წევრობამდე – რომელიც როგორც ჩანს, ამ ეტაპზე საქართველოს მხრიდანაც დაპაუზებულია – არსებულ გარემოში სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში ფუნქციური როლის მიღება. თქვენ როგორ ხედავთ ამ როლს, შანსს და მოგვცემს კი რამეს თბილისის პასიური პოლიტიკა და პლიუს ანტიდასავლური რიტორიკა?

– შავი ზღვის გეოპოლიტიკურ როლზე საუბარი გახშირდა, რაც მისასალმებელია. ამავდროულად, ასეთი საუბრების ინტენსივობა - მეტწილად - აკადემიურ წრეებში შეინიშნება, ხოლო საგარეო და უსაფრთხოების კონცეპტუალურ დოკუმენტებში ეს როლი ჯერ კიდევ სათანადოდ არ აისახა. დავაზუსტებ, რომ არსებული დეფიციტის მიზეზები მხოლოდ საქართველოსკენ მოსაკითხი როდია, არამედ ამ მხრივ ჩვენს დასავლელ პარტნიორებსაც გაცილებით მეტი მოეთხოვებათ.

ახალს ვერ ვიტყვით მკითხველისათვის იმის შეხსენებით, რომ შავი ზღვა ჩვენი უსაფრთხოებისათვის როგორც გამოწვევა, ისე გასაღებია. ამ ორს შორის კი საჭირო ბალანსია აუცილებელი, რაც მხოლოდ თემის ირგვლივ სამეცნიერო საუბრებით ვერ მიიღწევა: აუცილებელია დროსთან და გარემოებებთან მისადაგებული მეტად კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილებები. ერთ-ერთ ასეთად მიმაჩნია, შავი ზღვის რეგიონში გეოპოლიტიკურად „მონათესავე“ ერებს შორის საკონსულტაციო-სათანამშრომლო ფორმატის ორგანიზაციული ჩამოყალიბება, რაც, შავი ზღვის აკვატორიაში უსაფრთხო ნაოსნობასთან ერთად, ეკონომიკური, ეკოლოგიური და სხვა თემების ირგვლივ უკეთ კოორდინაციას მიეძღვნებოდა. ხსენებულ ფორმატში თანამშრომლობის ერთ-ერთ აქტუალურ საკითხებს შორის წარმომიდგენია რეგიონში მეტი საერთაშორისო ბიზნესის „ლოკალიზაცია“ - მათი დამკვიდრება, ისევე როგორც თავისუფალი ვაჭრობის რეგიონულ ბლოკზე მსჯელობა.

ამავე კონტექსტში საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზის განთავსების პერსპექტივას ხედავთ? და რაზე იქნება ორივე მხრიდან პოლიტიკური ნება დამოკიდებული? საინტერესოა, რომ აშშ–შიც მსჯელობენ შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგიაზე და რამდენადაც ცნობილია, იქ საქართველოც მოიაზრება.

– დიახ, დღეს აშშ-ის კონგრესში ინიცირებული შავი ზღვის უსაფრთხოების აქტი რაც, სწორედ რომ ამ ინტერვიუში ნახსენები ვაკუუმის, თუნდაც ნაწილობრივ, შევსებას მოახდენს.

ახლა კი თქვენს შეკითხვას ასე შევხედოთ: წარმოადგენს კი თანამედროვე პირობებში კოლექტიური თავდაცვის სისტემები ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ერთადერთ შესაძლებლობას? რა თქმა უნდა არა. მეტიც, დღესდღეობით ერთგვარ ტენდენციად გამოიკვეთა ე.წ. მცირე ალიანსების ჩამოყალიბება, რაც რეგიონული ნიშნით მეტად კონკრეტული საფრთხეების მართვას ემსახურება. შესატყვის მაგალითებს წყნარი ოკეანისა და ინდოეთის ოკეანის აუზში ისეთი ალიანსების არსებობა გვთავაზობს, როგორიცაა QUAD ან AUKUS.

ამდენად, ხომ არ არის მიზანშეწონილი საკუთრივ შავი ზღვის რეგიონში მსგავსი მომცრო მასშტაბის გაერთიანებაზე ფიქრი რომელიც, სხვათა შორის, იმ საკონსულტაციო-სათანამშრომლო ფორმატის გაგრძელებად იქცეს, რაზეც ორიოდე სიტყვით ვისაუბრეთ?

ხოლო რაც შეეხება უსაფრთხოებას და თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაფორმალურებას, ამის მაგალითებსაც პრაქტიკა გვთავაზობს. ნიშანდობლივია ისიც, რომ ყოველი ასეთი მაგალითი - გნებავთ ეს აშშ-ისრაელი, აშშ-იაპონია, აშშ-ფილიპინები თუ აშშ-სამხრეთ კორეა იქნება - ინდივიდუალურად უნიკალურია, რაც კონკრეტულ ისტორიულ კონტექსტში შექმნილი რეალობითა და ოფიციალური დოკუმენტაციის ბუნებითა და შინაარსითაა განპირობებული.

ალბათ, ქართული გადმოსახედიდანაც ჩვენი შემთხვევის უნიკალურობა ასევე უნდა გამოიკვეთოს, სათანადოდ შეფასდეს და შეჯამდეს. მეტიც, ამ პროცესის სრულფასოვნება, გასაგებია, რომ მხოლოდ ჩვენსავე ნებასა და ძალისხმევაზე როდია დამოკიდებული: სათანადო დასკვნების გასაკეთებლად იმ ქვეყნის პოზიციაც არის კრიტიკული, ვისაც თავდაცვისა და უსაფრთხოების სტრატეგიულ ორმხრივ ურთიერთობებში ხელშემკვრელ მხარედ მოვიაზრებთ და ვინც ასეთად თავად მოიაზრებს საკუთარ თავს.

ფაქტია, რომ რეგიონში მკვეთრად გაუარესებული უსაფრთხოების გარემო არაერთ ისეთ გადაწყვეტაზე ფიქრისა და მათი პრაქტიკული მოსინჯვის შესაძლებლობას იძლევა, რაზე ფიქრიც კი ახლო წარსულში წარმოუდგენელი იყო. ცხადია, რომ ნებისმიერი ახალი მიდგომა - თუ ამის რეალური მოთხოვნა არსებობს - ჯერ სათანადო არხებით შესწავლასა და შეჯერებას მოითხოვს, ვიდრე მისი გასაჯაროება ან სამუშაო პროცესის ფორმალურ სიბრტყეში გადატანა მოხდება.

საქართველოში, ბუნებრივია, რომ ინტერესით აკვირდებიან ხოლმე სამეზობლოში მიმდინარე პროცესებს, განსაკუთრებით თურქეთში, რომელიც რეგიონული აქტორია. ალბათ, მაინც გადაჭარბებულად შეფასდა პრეზიდენტ ერდოღანის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები დასავლეთისკენ შემობრუნებად, ცნობილია რა, რომ ის მუდმივად ლავირებს საკუთარი ინტერესების შესაბამისად, მაგრამ საყურადღებო იყო ნატოს სამიტის შემდეგ ბრიფინგზე მისი განცხადება (პრეზიდენტ ალიევის ნაცვლად), რომ რუსი სამშვიდობოები 2025 წელს დატოვებენ ყარაბაღს. თქვენ როგორ აღიქვამთ მის აქტივობას?

– სწორი შენიშვნაა თურქული საგარეო პოლიტიკის თავისებურებაზე, თურქეთის ერთგვარ „ბალანსირების აქტზე“, რაც ამა თუ იმ მოცემულობაში მაქსიმალური სარგებლის მიღების მცდელობას უკავშირდება. აქვე ამ ფენომენის აღმნიშვნელ სხვა ფორმულირებასაც გავაჟღერებ, რომელიც პირადად მომწონს და, მგონი, ყველაზე უკეთ გადმოსცემს ანკარას დამოკიდებულებას - თურქეთი ყოველთვის იქცევა ისე, როგორც ეს თურქეთს არგია.

ყარაბაღის ომი ვახსენეთ და მის თვალსაჩინო შედეგებს შორის სამხრეთ კავკასიაში რუსული სამხედრო გავლენის მინიმიზაციაა თურქული სამხედრო გავლენის მატების ხარჯზე. ამის ერთ-ერთი დემონსტრირებაა თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის შუშას დეკლარაცია, რამაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში ნაცვალგების პრინციპით დახმარება, პრაქტიკულად, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის მე-5 მუხლთან დააახლოვა. ის განცხადებაც კი, რაც პრეზიდენტ ერდოღანმა 2025 წელს ყარაბაღიდან რუსული სამშვიდობოების გასვლას დაუკავშირა, აშკარად მეტყველებს რომ ყარაბაღის ომის შედეგად დღეს არსებული ძალთა ბალანსი არ არის საბოლოო და, შესაძლოა, მას მნიშვნელოვნად დაკორექტირება ელის. თანაც, არცთუ შორეულ მომავალში.

– საქართველოში ბევრი კიდევ ერთ გაშვებულ შესაძლებლობად აღიქვამს, რომ ფინეთისა და შვედეთის ნატო–ში გაწევრიანების გზაზე არ ვისარგებლეთ თურქეთის ფაქტორით, რომელიც საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის აქტიური მხარდამჭერი და ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორია. ანალიტიკურ წრეებში, ასევე სამხედროებიც აღნიშნავენ, რომ არ ვიყენებთ ამ სტრატეგიული ურთიერთობის პოტენციალს უსაფრთხოების მიმართულებით. მაინც რა როლის შესრულება შეუძლია მას საქართველოს უსაფრთხოების კონტექსტში და რატომ გავურბივართ მის რეალიზებას?

– რა ვიცით დანამდვილებით შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების სანაცვლოდ ნატო-სთან მიმართებით საქართველოს სტატუსის ამაღლებაზე? ძალიან მცირე. ისევე როგორც, რამდენად შესაძლებელი იყოს თუნდაც თურქეთის, მეტად წონადი, ხმის გამოყენებით ამ მიზნის მიღწევა? ეს მინიმუმია იმ შეკითხვებისა, რაც ამგვარ ჰიპოტეტურ სცენარებთან დაკავშირებით თავს იჩენს. არცთუ იშვიათად, ამავე შეკითხვებზე პასუხებიც ისევ და ისევ ჰიპოტეტურია, რაც კვალიფიციური მსჯელობის საშუალებას სპობს.

სხვა საკითხია დღევანდელ მსოფლიოში მიზნის მისაღწევად ამ მრავალფეროვანი არსენალის არსებობა, რაც მიზნისაკენ მიმავალ გზაზე პრაქტიკულად გეხმარება. მეტიც, საერთაშორისო პოლიტიკაში სწორხაზოვნებაზე აშკარა უარის თქმით, სხვადასხვა ქვეყნები ხშირად ატიპიურ, უჩვეულო ხერხებსაც კი მიმართავენ.

ბუნებრივია, რომ თქვენს მიერ აღნიშნული სრული პოტენციალის ასამოქმედებლად მხოლოდ სურვილი არ კმარა. ამას შესატყვისი მრავალმხრივი რესურსიც ესაჭიროება. თუმცა, იქ სადაც ნებაა, ვფიქრობ, ასეთი რესურსიც დროთა განმავლობაში გამოიძებნება. მთავარია, რეალურად გსურდეს დეკლარირებული მიზნების მიღწევა, გსურდეს საქმით და არა სიტყვით. ამ მხოლოდ ასეთ დროს შენს მიერვე დეკლარირებულ მიზნებს ირწმუნებს როგორც საკუთარი საზოგადოება, ისე შენდამი ნდობით შენივე პარტნიორები განიმსჭვალებიან.