ბექა ლილუაშვილი: კოჰაბიტაციას „ნაცებთან“ და „ქოცებთან“ არც არჩევნების შემდეგ ვაპირებთ
20/07/2023 09:37:37 პოლიტიკა
"კოალიციას, რაც გულისხმობს ურთიერთვალდებულებებზე დაფუძნებულ ურთიერთობებს, „ნაცებთან“ და „ქოცებთან“ არც არჩევნების შემდეგ ვაპირებთ" , - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მისი პარტია არჩევნებამდე არც ერთ პარტიასთან საერთო სიაში გაერთიანებას არ აპირებს.
"გაერთიანება ნიშნავს საერთო სიის ფორმირებას, არანაირი საერთო სიის ფორმირებას ჩვენ არ ვაპირებთ. არჩევნების შემდეგ ხალხი გადაწყვეტს, როგორი კონფიგურაციით იქნება პარლამენტი წარმოდგენილი, მაგრამ კოალიციას და კოჰაბიტაციას "ნაცებთან" და "ქოცებთან" ჩვენ არ ვაპირებთ არც არჩევნების შემდეგ. კოალიციაზე საუბარი დღეს, როცა წარმოდგენა არ აქვს არავის, რა კონფიგურაცია იქნება, აზრს მოკლებულია. მაგალითად, ისეთ კონფიგურაციაში, სადაც "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" 50 პროცენტს ვერ ლახავს ჯამში, ეგ კითხვა აბსოლუტურად აზრს მოკლებულია და ისეთ კონფიგურაციაში, სადაც ჯამში მაღალ პროცენტს იღებენ, აბსოლუტურად სხვა მოცემულობა იქნება", - განაცხადა ლილუაშვილმა.
დღეს „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური გაერთიანების შესახებ ერთობლივ განცხადებას დღეს გააკეთებენ. აღნიშნული პარტიები 2024 წლის არჩევნებისთვის პოლიტიკური გაერთიანების საკითხზე კონსულტაციებს რამდენიმე კვირის განმავლობაში მართავდა, რის შესახებაც ორივე პარტიის წარმომადგენლები საუბრობდნენ.


