
ევროკომისიის ხელმძღვანელის მოადგილე თანამდებობას ტოვებს - მედია
20/07/2023 12:07:35 ევროპა
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ნიდერლანდებიდან ფრანს ტიმერმანსი თანამდებობას ტოვებს, რათა საკუთარ სამშობლოში არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. ის "სოციალ-დემოკრატების" და „მწვანე მემარცხენეების“ ბლოკს გაუწევს ლიდერობას,– იუწყება Reuters ჰოლანდიურ მედიაზე დაყრდნობით.
მედიის ცნობით, ტიმერმანსმა, უკვე აცნობა ევროკომისიას თავისი გადაწყვეტილების შესახებ და სავარაუდოდ, განცხადებას ხუთშაბათს გააკეთებს. თავად ევროკომისიაში კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს.
62 წლის ტიმერმანსი პასუხისმგებელია ე.წ. ევროპული მწვანე შეთანხმების, კლიმატის ცვლილების პოლიტიკის ყოვლისმომცველი პროგრამის განხორციელებაზე.
ფრანს ტიმერმანსს კარგად იცნობენ მშობლიურ ქვეყანაში. კერძოდ, 2012-2014 წლებში ის ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრემიერ-მინისტრ მარკ რუტეს მთავრობის პირობებში. მან ბოლო 10 წელი ბრიუსელში გაატარა.
ტიმერმანსი მშობლიური ენის გარდა საუბრობს ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, იტალიურ და რუსულ ენაზე და ცნობილია, როგორც გამოცდილი მომლაპარაკებელი, განსაკუთრებით კლიმატის ცვლილების საერთაშორისო შეხვედრებზე. ევროკომისიიდან მისმა გადადგომამ შესაძლოა, დიდი გავლენა იქონიოს ევროპული პოლიტიკის შემდგომ განვითარებაზე.
მანამდე ევროკომისია ბულგარელმა ევროკომისარმა მარია გაბრიელმა დატოვა, რათა მშობლიურ ქვეყანაში საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის ეხელმძღვანელა.
შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდების მთავრობა, მარკ რუტეს ხელმძღვანელობით, დაიშალა მიგრაციის პოლიტიკის ირგვლივ კოალიციაში შემავალი ცალკეული პარტიების უთანხმოების გამო.
არჩევნები შემოდგომაზე გაიმართება.