
შსს: დაკავებული ადვოკატები ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები იყვნენ
20/07/2023 18:03:53 სამართალი
ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობის სქემის გახსნასთან დაკავშირებით პროკურატურასთან ერთად ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროც ავრცელებს.
კერძოდ, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თეიმურაზ კუპატაძის ცნობით, ამ ეტაპზე დაკავებული და პასუხისგებაში მიცემული არის ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 22 წევრი. მათ შორის არიან საქართველოს, ბულგარეთის და თურქეთის მოქალაქეები.
შსს–ს ცნობით, 18 ივლისს აჭარაში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 3 ხელმძღვანელ პირს დაუსწრებლად წარედგინა ბრალი, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია 3 პირი: საქართველოს მოქალაქეები და მოქმედი ადვოკატები - 1984 წელს დაბადებული მ.ზ. და 1986 წელს დაბადებული ა.ფ., ასევე თურქეთის მოქალაქე 1971 წელს დაბადებული მ.ჩ.
შსს აღნიშნავს, რომ დაკავებული ადვოკატები იყვნენ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, რომლებიც განკარგავდნენ აღნიშნული ჯგუფის სარგებლობაში არსებულ საბანკო ანგარიშებს:
"ისინი, ფულის წარმომავლობის დამალვის მიზნით, თანხებს უცხოურ ვალუტაში აკონვერტირებდნენ და უკანონო ნარკოვაჭრობაში ჩართული პირების ანგარიშებზე რიცხავდნენ".
შსს–ს ცნობით, დანაშაულებრივ სქემაში მონაწილე პირები ახდენდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების: ,,ჰეროინის“, ,,კოკაინის“, ,,ბუპრენორფინის“, ,,მეტადონის“, ,,მეტამფეტამინის“, ,,ამფეტამინისა“ და ,,მდმას“ საქართველოში უკანონოდ შემოტანას.ნარკოტიკულ საშუალებებს შემდგომი რეალიზაციის მიზნით აფასოებდნენ და ე.წ. დადების მეთოდით სხვადასხვა ლოკაციაზე ათავსებდნენ, ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის შედეგად მიღებულ თანხებს კი ათეთრებდნენ.
"პოლიციამ, დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად, დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, ავტომობილები, ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ნივთმტკიცებად ამოიღო.ასევე ამოღებულია სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალება - კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ბრალდებული პირები ერთმანეთს უკავშირდებოდნენ.ჩადენილი დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 194-ე მუხლებით მიმდინარეობს",– დასძენენ შსს–ში.