Accentnews.ge
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: "ყურადღებით ვადევნებდით თვალს საქართველოში მიმდინარე პროცესებს"

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: "ყურადღებით ვადევნებდით თვალს საქართველოში მიმდინარე პროცესებს"

26/11/2019 18:56:57 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაიკო მაასის განცხადებით, გერმანია საქართველოში მიმდინარე პროცესებს ყურადღებით ადევნებს თვალს.  ამის შესახებ ჰაიკო მაასმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან ბერლინში გამართული ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა.

„ჩვენ ყურადღებით ვადევნებდით თვალს საქართველოში მიმდინარე პროცესებს და იმედს გამოვთქვამთ, რომ მხარეები დიალოგის გზით შეძლებენ საკითხის გადაჭრის გზების პოვნას. თუკი ჩვენც შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ ამ პროცესში სიამოვნებით გავაკეთებთ ამას”, – განაცხადა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მაასმა.

მისივე თქმით, გერმანია მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს აქტიურ მხარდაჭერასა და დახმარებას, რადგან იგი გერმანიის სანდო და ღირებული პარტნიორია ევროპაში:

„გერმანიის ურთიერთობები საქართველოსთან ძალიან მჭიდროა და ნდობით აღსავსეა. საქართველოს ძალიან დიდი წვლილი აქვს ავღანეთის სამშვიდობო მისიაში და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობაში. საქართველო არის ჩვენი სანდო, სტაბილური და ღირებული პარტნიორი ევროპაში. ამიტომაც, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ინიციატივას ევროპული ინტეგრაციის შესახებ და გვინდა, რომ საქართველოში ადამიანებმა იგრძნონ ევროპაში ინტეგრაციის ეს შედეგები. გვსურს, პირველ რიგში გავაძლიეროთ თანამშრომლობა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში, იმისთვის, რომ იგი ხელშესახები იყოს მოქალაქეებისთვის. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერასა და დახმარებას”.

ამასთან, მან ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადმიანის უფლებების მხრივ შექმნილი მძიმე ვითარების მიუღებლობაზე და აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედებები უნდა დასრულდეს:

„რაც შეეხება საქართველოს დამოუკიდებლობას და მის ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენ მტკიცედ ვდგავართ საქართველოს გვერდით. საქართველოს სუვერენიტეტი არ არის ჩვენთვის ვაჭრობის საგანი. ქართველები უკვე ორი წელია, უვიზოდ მოგზაურობენ გერმანიაში. თავად ქართველებს საქართველოში კი ე.წ. ადმინისტრაციულ ხაზს უკეტავენ და ადამიანებს გადაადგილების თავისუფლება მასიურად ეზღუდებათ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში. ბევრ მათგანს ძალადობრივად აკავებენ და ამას ბოლო უნდა მოეღოს“, – განაცხადა მან.



ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S