
უსუფაშვილი კობახიძეს სთავაზობს, მის მიერ შემუშავებული „გერმანული მოდელი“ ვენეციის კომისიას გაუგზავნონ
26/11/2019 19:11:59 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
„შენების“ მოძრაობის ლიდერი დავით უსუფაშვილი მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივან ირაკლი კობახიძეს სთავაზობს, მის მიერ შემუშავებული საარჩევნო სისტემის „გერმანული მოდელი“ ვენეციის კომისიას გაუგზავნონ.
„მივმართოთ ვენეციის კომისიას – მოდით, განგვსაჯეთ მიუკერძოებელო ექსპერტებო, გვხედავთ, რომ არის განსხვავებული აზრები. [...] თუ იტყვის ვენეციის კომისია, რომ ეს მოდელი არ შეესაბამება კონსტიტუციას, უსუფაშვილი ამ მოდელს შეინახავს თავის არქივში. თუ იტყვიან რომ შეესაბამება, მაშინ პარლამენტმა მიიღოს 76 ხმით, ხართ მზად, რომ ეს გააკეთოთ?“, მიმართა უსუფაშვილმა კობახიძეს და დასძინა, რომ მისი მთავრი მიზანი ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის გზის ძიებაა.
საპასუხოდ კობახიძემ განაცხადა, რომ „რეალურად კრიზისი თუ ვინმეს აქვს, ეს არის ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალა“:
„აქ არ ვგულისხმობ ბატონ დავითს, ამ კრიზისს დაძლევენ თუ არა, ეს არ არის ქვეყნის საფიქრალი. თუ ვერ დაძლევენ, ეს ქვეყნისთვის იქნება ბევრად უკეთესი“.
ამასთან, მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ შემოთავაზებული მოდელი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და განაცხადა: "რაც შეეხება ვენეციის კომისიას, ჯერ ჩვენ გავარჩიოთ ეს საკითხი".